მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტარგეტირების პოლიტიკის შემოღების შემდეგ ინფლაცია საშუალოდ შემცირდა - გვენეტაძე

63848a80c004f
BM.GE
28.11.22 14:01
440
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მას შემდეგ რაც საქართველომ ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკა შემოიღო, ინფლაციის დონე საშუალოდ უფრო შემცირდა. გვენეტაძის თქმით, 2009 წლის, ანუ ამ პოლიტიკის შემოღების შემდეგ, წლიური ინფლაციის საშუალო დონე 4.6%-ს შეადგენს, რაც ინფლაციის სამიზნესთან ახლოა. 

„მოგეხსენებათ, 2018 წლამდე ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი იყო და 2009 წლიდან მისი საშუალო დონე 4.7 პროცენტია, რაც ინფლაციის თარგეთირების შემოღებამდე არსებულ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად დაბალია. შეგახსენებთ, რომ 1996-2008 წლებში ინფლაცია საშუალოდ 10.2% იყო. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. ეს, ძირითადად, განვითარებად ეკონომიკებში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპის გამო, არავაჭრობად სექტორში შედარებით მაღალი ინფლაციით აიხსნება.

შესაბამისად, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები საშუალოდ 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 2-4 პროცენტის ფარგლებშია განსაზღვრული. ჩვენი ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, როდესაც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დოლარიზაციაც, მიუხედავად ჯერ კიდევ მაღალი დონისა, ინფლაციის თარგეთირების შემოღების წელთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია, 2018 წლიდან ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა, რაც დღესდღეობით გრძელვადიან სამიზნე მაჩვენებელს წარმოადგენს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2023 წლის მეორე ნახევარში დაუახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები