ქართული სტარტაპ კომპანია Tasteit-ი გერმანული აქსელერაციის პროგრამა Earlybirds-ში მოხვდა, რომლის დახმარებითაც რამდენიმე კვირაში აპლიკაცია სატესტო რეჟიმში გერმანიაში ჩაეშვება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სტარტაპის დამფუძნებელმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.
„TasteIt-ს 2024 წელს მსოფლიო დააგემოვნებს, ეს არის ჩვენი მიზანი, რომლის შესრულებისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმა უკვე დავიწყეთ.ერთ-ერთ ყველაზე დიდ გერმანულ აქსელერაციის პროგრამაში მოვხვდით, სახელად Earlybirds,რომელიც უდიდესი Venture კომპანიაა. მივიღებთ საწყის კაპიტალს, რომ ჯერ გერმანიაში და მერე გლობალურ ბაზარზე დავატრიალოთ გემრიელი ამბები. გერმანულ ბაზარზე სულ რამდენიმე კვირაში სატესტო რეჟიმში ჩაეშვება, შემდგომ კი ოფიციალურ სახეს მიიღებს. გერმანიაში უკვე ჩვენს აპლიკაციას 30 პარტნიორი რესტორანი ჰყავს, რომლებიც თავის ბრენდის ქვეშ კიდევ რამდენიმე კვების ობიექტს მოიცავს. რეალურად გვინდა, რომ წლის ბოლომდე რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მაინც ვიყოთ წარმოდგენილები,“ - განაცხადა გიორგი ურუშაძემ.
გერმანიის შემდეგ TasteIt-ის აპლიკაცია იტალიაში, ესპანეთსა და აშშ-ში გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, Tasteit-ში პიროვნებების ნაცვლად, შეგიძლიათ მოიწონოთ კერძები/სასმელები და მათი გამომწერები და ინფლუენსერებიც კი გახდეთ. გარდა ამისა, Tasteit-ის მომხმარებელი რესტორნებისგან ფასდაკლებებითა და სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლებს. აპლიკაციას უახლოეს მომავალში ახალი ფუნქციებიც დაემატება, რაც მომხმარებელთა კულინარიულ თავგადასავალს უფრო მეტად საინტერესოს გახდის.
Tasteit 2023 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებლებს ერთმანეთთან საერთო კულინარიული ინტერესების მიხედვით აკავშირებს. Tasteit აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS და Android სისტემებზე, რომელსაც ამ ეტაპისთვის 12 ათასზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.