მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თავდაცვის სამინისტროს სანებართვო კონტროლისთვის საბაჟო/საგადასახადო საიდუმლოების გამოთხოვის უფლება ექნება - კანონპროექტი

თავდაცვის სამინისტრო
14.10.25 16:15
423

საგადასახადო კოდექსში ცვლილება შედის, რომლითაც ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ პირთა წრეს თავდაცვის სამინისტრო ემატება, „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნებისათვის.

კანონპროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს მიერ გაიცემა სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის/ვაზნის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა, სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში ექსპორტის იმპორტის, ტრანზიტის, საბროკერო მომსახურებისა და ტექნიკური დახმარების ნებართვა, ასევე იარაღის კოლექციონირებისა და ექსპონირების ნებართვა.

დოკუმენტის თანახმად, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, რიგ შემთხვევებში საჭიროა საქართველოს საბაჟო ან საგადასახადო ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს საგადასახადო ან საბაჟო საიდუმლოებას. თუმცა ამჟამად ამასთან, საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს საგადასახადო საიდუმლოების თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს სანებართვო კონტროლს.

ცვლილებით კი, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის სრულყოფილად განსახორციელებლად, სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, გამოითხოვოს, როგორც საგადასახადო საიდუმლოება, ასევე საბაჟო საიდუმლოება, რომელიც საბაჟო კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სხვა პირს შეიძლება გადაეცეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან ერთპარტიული პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ირაკლი ხელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები