საქართველოს ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის განცხადებით, პარლამენტის წევრთა მხრიდან ავტოიმპორტიორებისა და დილერების ნარკომოვაჭრეებთან შედარება მიუღებელი და არაზუსტია.
ასე ეხმაურებიან ავტოიმპორტიორები და დილერები "ქართული ოცნების" დეპუტატ ბეჟან წაქაძის ინტერვიუს BMG-სთან, სადაც დეპუტატი და ავტომანქანების აქციზის ზრდის ერთ-ერთი ინიციატორი ხსნის, რა არის განბაჟების გაძვირების მიზანი. "ნარკობიზნესშიც ბევრია ჩართული, მაგრამ დავუშვათ ნარკოტიკი და არ ვებძროლოთ მას?!", - განაცხადა პარლამენტარმა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვები აქციზის გაძვირების გამო მოსალოდნელ ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტზე დაუსვა.
ავტოიმპორტიორები როგორც პარლამენტის წევრებს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამენ.
"ავტომობილების იმპორტისა და რეექსპორტის სექტორი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს. ეს სფერო ქმნის ათიათასობით სამუშაო ადგილს; უზრუნველყოფს მნიშვნელოვან საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებს; აძლიერებს ქვეყნის სავაჭრო პოზიციებს რეგიონში.
ჩვენ ვართ ლეგალური, რეგულაციების ფარგლებში მოქმედი ბიზნესი, რომელიც წლების განმავლობაში ავითარებს ეკონომიკას და ემსახურება ქვეყნის ინტერესებს.
მოვუწოდებთ ყველა საჯარო პირს, თავი შეიკავოს არაკორექტული და დამაზიანებელი შეფასებებისგან. მსგავსი რიტორიკა აზიანებს არა მხოლოდ კონკრეტულ სექტორს, არამედ ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და ბიზნესის მიმართ ნდობას.
ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული დიალოგის მომხრე და მზად ვართ, ნებისმიერ დროს წარმოვადგინოთ არგუმენტირებული პოზიცია და მონაცემები, რომლებიც ნათლად აჩვენებს სექტორის რეალურ მნიშვნელობას ქვეყნისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.




























