TBC Bank Group-მა უზბეკეთის კონკურენციის კომიტეტისგან ნებართვის მიღების შემდეგ, OLX Uzbekistan-ის საკონტროლო პაკეტის შეძენის გარიგება ოფიციალურად დაასრულა.
ქართული წარმოშობის ფინანსურმა ჯგუფმა საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგ Titan Investments-თან ერთად ერთობლივი საწარმო დააფუძნა, რომელმაც ონლაინ-განცხადებების პლატფორმის 100%-იანი წილი შეიძინა.
ახალი სტრუქტურის ფარგლებში TBC Bank Group-ი 50%-ს პლიუს ერთ აქციას ფლობს, ხოლო დარჩენილ წილს Titan Investments-ი აკონტროლებს.
როგორც ირკვევა, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ პლატფორმა დამოუკიდებლად, OLX Uzbekistan-ის ბრენდით ფუნქციონირებას გააგრძელებს. ამასთან, TBC Uzbekistan-ი სისტემაში ფინანსური და საგადახდო სერვისების ინტეგრირებას გეგმავს, რაც მომხმარებელთა ჩართულობას გაზრდის და პლატფორმის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.
TBC Uzbekistan-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა აღნიშნა, რომ შეძენილი აქტივი ჯგუფს სწრაფად მზარდ სეგმენტში შესვლისა და მილიონობით ახალი მომხმარებლის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს. მისი თქმით, OLX-ის ღია პლატფორმის სახე შენარჩუნდება და პარალელურად ახალი ციფრული პროდუქტები განვითარდება.
TBC Bank Group-ის განცხადებით, აღნიშნული პარტნიორობა ორგანიზაციების გამოცდილებას აერთიანებს და ციფრული პლატფორმების მასშტაბირებას უზრუნველყოფს. თანამშრომლობა TBC Uzbekistan-ს საშუალებას მისცემს, ონლაინ-განცხადებების სექტორში ცოდნა გაიღრმაოს და OLX Uzbekistan-ის ეკოსისტემაში საბანკო პროდუქტები დანერგოს.
ცნობისთვის, OLX Uzbekistan-ი ქვეყნის 10 ყველაზე პოპულარულ ვებგვერდს შორის შედის. პლატფორმას ყოველთვიურად 5 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, ხოლო განთავსებული განცხადებების რაოდენობა 2 მილიონს აღემატება, რაც უზბეკეთის ინტერნეტ-აუდიტორიის 17%-ზე მეტს მოიცავს.




























