თბილისის საერთაშორისო აეროპორტი უამინდობის, კერძოდ ნისლის გამო რეისების მიღებას ვერ ახერხებს. როგორც bm.ge-ს TAV Georgia-ში განუცხადეს, ამ დროისთვის თბილისიდან გამფრენი ყველა რეისი უკვე გასულია და უამინდობას მათთვის ხელი არ შეუშლია, ხოლო რაც შეეხება საქართველოში ჩამომფრენ რეისებს, ზოგიერთი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა.
„ამ დროისთვის Fly Dubai-ს ორი რეისი უნდა მიგვეღო, მათგან ერთი კვლავ თბილისის ცაზეა და შეეცდება დაეშვას, ხოლო მეორე აზერბაიჯანში გაფრინდა. რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, თბილისში ვერ დაჯდა და სოჭში გადავამისამართეთ.
სტამბოლის ავიარეისი იყო დაგეგმილი, თუმცა რეისი თურქეთიდან ვერ შესრულდა, შესაბამისად, ჩვენგანაც ვერ გაფრინდებოდა“, - ამბობს TAV Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო წივწივაძე.
მისი თქმით, მეტეოროლოგები ამინდის გაუმჯობესებას რამდენიმე საათში პროგნოზირებენ.