მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“თბილისის მიმართ ტურისტების ინტერესი ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე გვქონდა“ – Inn Group

63282210a9409
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.22 22:00
959
სასტუმროების მმართველი Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მიმდინარე წელის ტურიზმის აღდგენის დინამიკა ცხადყოფს, რომ თბილისის მიმართ ტურისტები ნაკლებ ინტერესს გამოხატავენ, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. ტურიზმში არსებული ვითარება ერეკლე კოკაიამ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას შეაფასა.

მისი ინფორმაციით, სასტუმროებზე მოთხოვნა და ფასები წინა და პანდემიამდელ წელთან შედარებით გაზრდილია, თუმცა ეს ზრდა რეგიონების მიხედვით სხვადასხვანაირია.

„პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით ფასები გაიზარდა გარკვეულ ლოკაციებზე, ზოგან შენარჩუნდა, ზოგან კი დაიწია. შეიცვალა ტურიზმის მახასიათებლები. ბათუმში მაგალითად მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, თბილისში კი მოთხოვნა ისეთი მაღალი არ იყო, როგორც პანდემიამდე. მოთხოვნა მაღალი იყო ბაკურიანში, რადგან ეს ოთხსეზონიანი კურორტია, მეორე მხრივ თბილისი, რომელიც ასე თუ ისე ლიდერობდა ტურისტების რაოდენობით, ისეთ მოწინავე ადგილას აღარაა, როგორც ეს 2019 წლამდე იყო“, - აღნიშნა Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ერეკლე კოკაია იმ ფაქტორებს განმარტავს, რომლის გამოც ტურიზმის მხრივ თბილისში მომართვიანობა შემცირდა. კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარება ევროპული ქვეყნებიდან ტურისტულ ნაკადებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ისრაელელი დამსვენებლების დიდმა ნაწილმა, რომელიც თბილისით ინტერესდებოდა ახლა ბათუმში გადაინაცვლა და თბილისში ნაკლებად ჩამოდიან. რუსი და ბელარუსი დამსვენებლები, ძირითადად დასავლეთში მიდიან და თბილისი არავის უნდა. ევროპული ქვეყნებიდან, უკრაინაში ომის გამო ჯავშნები შემცირდა. გერმანული და პოლონური ბაზრიდან, რომელიც საქართველოს მიმართ დიდი ინტერესით გამოირჩეოდნენ, ომის საწყის ეტაპზე ჯავშნებს აუქმებდნენ, ხოლო შემდეგ შემცირდა. რეგიონში არსებული ნებისმიერი დაძაბულობა ევროპული ტურისტების რაოდენობაზე აისახება. თუნდაც ახლა აზერბაიჯანი-სომხეთში განვითარებული კონფლიქტის გამო, გერმანელი დამსვენებლების მხრიდან ინტერესი ძალიან შემცირდა, მაშინ როდესაც მცირედი აღდგენის ტენდენცია გვქონდა. საქართველო ასოცირდება მთელ რეგიონთან და ნებისმიერი რყევა ჩვენზე აისახება“, - განმარტა კოკაიამ.

Inn Group-ში, რომელიც საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპისთვის ხუთ სასტუმროს მართავს, ტურიზმის აღდგენის დადებითი მოლოდინები აქვთ. ამიტომ ინვესტორები მიმდინარე წელს ახალი სასტუმრო „გორი ინნ“-ის გახსნას გეგმავს, ხოლო მომავალ წელს „ახალიციხე ინნ“-ისა და „წყალტუბო ინნ“-ის გახსნაა გეგმაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები