სუბსიდირების პროგრამის შედეგად 2020 წლის მეორე ნახევარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ახალაშენებული ბინების ბაზარი 13%-ით გაუმჯობესდა - ამის შესახებ Colliers International Georgia-ს მიერ მომზადებულ კვლევაში „საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის შეჯამებაშია“ ნათქვამი.
მონაცემების მიხედვით, თბილისში ახალაშენებული ბინების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია, ხოლო ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რიცხვი 26%-ით შემცირდა და 8 593 ერთეული შეადგინა. ჯამურად კი ახალ და ძველ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა 18%-ით შემცირდა.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებში ნათქვამია, რომ 2020 წელს ახალაშენებული ბინების ბაზრის ღირებულება წინა წელთან შედარებით 20%-ით შემცირდა და 849 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო ძველი აშენებული ბინების შემთხვევაში 27%-იანი კლება დაფიქსირდა და ბაზრის ღირებულება 342 მილიონი აშშ დოლარი იყო.
2020 წელს ახალაშენებული ბინების მედიუმ და პრემიუმ სეგმენტები წინა წლის მაჩვენებელს 43% და 40%-ით ჩამორჩებიან. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 4%-ით შემცირდა. აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ახალაშენებულ ბინებზე რეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა თბილისის უბნების უმეტეს ნაწილში. მცირედი კლება დაფიქსირდა სამგორში, ნაძალადევსა და დიდუბეში, 2%, 1% და 6%. გამონაკლისს წარმოადგენდა გლდანი, სადაც ტრანზაქციების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, კვლევაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა და კვ.მ-ზე 672 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ძველ აშენებულ ბინებს, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი უმნიშვნელოდ, კვ.მ-ზე მხოლოდ 3 დოლარით (დაახლოებით 1%-ით) შემცირდა და 638 აშშ დოლარი შეადგინა.
2020 წელს, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი საბურთალოზე, ფონაჭალასა და ბაგებში შემცირდა 10%, 9% და 4%-ით. წყნეთში, მთაწმინდაზე, გლდანსა და ნაძალადევში კი გაიზარდა 14%, 9% და 7-7%-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ფონიჭალასა და წყნეთში ახალაშენებული ბინების ბაზარი ნაკლებად აქტიურია. რაც შეეხება ძველი აშენებული ბინების ფასებს, გასაყიდი ფასი ყველაზე მეტად კრწანისში, წყნეთსა, და ისანში გაიზარდა, 14%, 13% და 7%. კრწანისსა და ისანში ფასის ზრდა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ ძველ/ძვირადღირებულ უბნებთან, როგორიცაა აბანოთუბანი და ავლაბარი. ფასის მცირედი კლება დაფიქსირდა ვაკეში, მთაწმინდაზე, ჩუღურეთსა და დიდუბეში.