მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ემიჯნება "ოცნების" პოლიტიკას და ფილმების ჩვენებას აუქმებს

თბილისი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ემიჯნება "ქართული ოცნების" პოლიტიკას და ფესტივალის ფარგლებში ხვალიდან დაგეგმილ კინოჩვენებებს გაურკვეველი ვადით აუქმებს. ამის შესახებ კინოფესტივალის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გუნდი მკაცრად გმობს თბილისში მიმდინარე აქციების მონაწილე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფოს მხრიდან და კატეგორიულად ემიჯნება „ქართული ოცნების“ გაცხადებულ პოლიტიკას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ, ამასთანავე გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ანტიჰუმანურ და დისკრიმინაციულ კანონებს.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და თბილისის კინოფესტივალს განვიხილავთ როგორც ამ აქციების შემადგენელ ნაწილს, რადგან თითოეული ფილმი, რომელსაც ჩვენს მაყურებელს ფესტივალზე ვუჩვენებთ, ადამიანის პიროვნული თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის და სიმართლისთვის ბრძოლაზე მოგვითხრობს.

კინოფესტივალის გუნდმა ქართველ კინემატოგრაფისტებთან ერთად მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება, გააუქმოს ქართული ფილმების ჩვენება და „ქართული პანორამის“ ფილმები მაყურებელს შესთავაზოს მოგვიანებით, როცა ქვეყანა დაუბრუნდება ევროპის გზას.

ჩვენი პარტნიორების და სპონსორების წინაშე არსებული ვალდებულებების გამო ფესტივალის სხვა სეანსები ჩატარდება გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით.

თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილი იყო კვირას, 1 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე კინოთეატრ ამირანში ტატო კოტეტიშვილის ფილმით „წმინდა ელექტროენერგია“. ფილმის ჩვენება არ შედგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას, ვისაც გული შეგტკივათ ქართულ კინოზე და ვინც აპირებდით მოსვლას ფესტივალის გახსნაზე, გიწვევთ კინოთეატრ "ამირანში", სადაც ქართველი კინემატოგრაფისტები გაგაცნობენ საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველთვის იყო და იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცვის ადგილი", - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 2000 წელს დაარსდა. პირველი ორი წლის განმავლობაში ის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქრის” ფარგლებში ტარდებოდა, რომელსაც ბევრი სპონსორი და მხარდამჭერი ჰყავდა და, შესაბამისად, კინოფესტივალის პროგრამაც ძალზე მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 2002 წელს “საჩუქარს” დახურვის საფრთხე დაემუქრა, ამიტომ რამდენიმე თანამოაზრემ (გაგა ჩხეიძე, ნინო ანჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე, დავით ბუხრიკიძე, ბესიკ დანელია, გუგა კოტეტიშვილი, გაგა ლომიძე, გიორგი ყაჯრიშვილი) კინოხელოვნების ცენტრი “პრომეთე” დააარსა, რომლის საქმიანობის მთავარი მიზანი, სხვა პროექტების განხორციელების გარდა, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის შენარჩუნება იყო. 2002 წელს კინოხელოვნების ცენტრმა “პრომეთემ” კინოფესტივალი დამოუკიდებლად, მწირი ფინანსებით ჩაატარა.

დროთა განმავლობაში “პრომეთემ” თავისი საქმიანობით სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებაც შეძლო. 2004 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კერძო სპონსორებთან ერთად საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა, მომდევნო წლებში კინოცენტრს თბილისის მერია და კულტურის სამინისტროც შეუერთდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები