თბილისის ზღვასთან, ვარკეთილის მხარეს ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ გამოტანილი სახელმწიფო მიწის ნაკვეთი საწყის ფასზე 2.8-ჯერ ძვირად გაიყიდა.
ქალაქ თბილისში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 2 626 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მიწისქვეშა) შენობა-ნაგებობა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად 18 ოქტომბერს გამოიტანა და მისი საწყისი ღირებულება 965 000 ლარი იყო. აუქციონი 1-ელ ნოემბერს დასრულდა და მის მიმართ ინტერესი 2 მონაწილის მხრიდან არსებობდა. დაახლოებით ერთსაათიანი ვაჭრობის შემდეგ მიწა პირველმა პრეტენდენტმა კომპანია „ჯ პეტროლმა“ 2 723 000 ლარად შეიძინა, ანუ ვაჭრობის დროს 3 000-ლარიანი ბიჯებით, მიწის ღირებულება 2.8-ჯერ გაიზარდა.
პრივატიზებულ ქონებას საინვესტიციო ვალდებულება არ ჰქონდა.
რაც შეეხება თავად მიწის ახალ მფლობელ კომპანიას, სამეწარმეო ამონაწერის მიხედვით, „ჯ პეტროლი“ 2021 წლის 25 მაისს რეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც 2 მესაკუთრე ჰყავს - 57.5%-იანი წილით ქეთევან ხარაიძეს, ხოლო 42.5%-იანი წილი ქეთევან ნაზარაშვილს ეკუთვნის.
BM.GE კომპანიასთან დაკავშირებას შეეცდება.