მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისსა და რეგიონებში სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქციებს მართავენ

ზუგდიდი

თბილისის სკოლებთან ერთად, საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ამ წუთებში, ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. აქციამ ზუგდიდის რამდენიმე სკოლაც მოიცვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გმობენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და უერთდებიან საერთო სახალხო პროტესტს. სკოლების ნაწილში დირექცია ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს მოსწავლეებს პროტესტის გამოხატვაში, თუმცა საპროტესტო ტალღა იზრდება. მოსწავლეები ამბობენ, რომ საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ისინი არ შეეგუებიან იმ კურსს, რომელსაც საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება დაადგა.

პროტესტმა მოიცვა იმერეთიც. ქუთაისში, 36-ე სკოლის მოსწავლეები იკრიბებიან და პროტესტის ნიშნად არ შედიან სკოლაში. დანარჩენები კი აქციის მონაწილეებს სოლიდარობას საკლასო ოთახებიდან უცხადებენ. ისინი ამბობენ, რომ სკოლის დირექცია მათ უფლებას არ აძლევს, რომ გარეთ გამოვიდნენ.

„ჩვენი მომავალი ევროპაშია! არა რუსულ ხელისუფლებას“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.

მოსწავლეები ევროპული მომავლისთვის ერთიანდებიან ბათუმშიც. ამ წუთებში სხვადასხვა სკოლის მე-11 და მე12 მოსწავლეები ევროპის მოედანზე იკრიბებიან. უკვე მე-6 დღეა ბათუმში საპროტესტო აქცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ემიჯნებიან ძალადობას. მოსწავლეები ემზადებიან ქალაქში მსვლელობისთვის. ისინი მოივლიან ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს, რის შეუერთდებიან აქციას, რომელიც ისევ ევროპის მოედანზე გაიმართება.

საპროტესტო მსვლელობა მოსწავლეებმა გამართეს რუსთავშიც. საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ისინი ქალაქის მერიასთან მივიდნენ. სკოლის მოსწავლეები გმობენ „ქართული ოცნების" ანტიდასავლურ ქმედებებს და იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც ოლიგარქის პარტიამ უარი თქვა საქართველოს ევროპულ მომავალზე. ცნობილია, რომ სკოლების ნაწილში პედაგოგები მოსწავლეებს ხელს უშლიან პროტესტის გამოხატვაში და შენობიდან არ უშვებენ.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც უწყება ყველა მოუწოდებს: "თუ ფლობთ ინფორმაციას სასწავლო პროცესის შეფერხების თაობაზე გთხოვთ, დარეკოთ სამინისტროს ცხელ ხაზზე : 0322 200 220"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები