"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ თბილისიდან შანხაის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება განიხილება.
ეს ქვრივიშვილმა ლონდონში, ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ლი იანგთან შეხვედრისას განაცხადა.
„ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია არაერთი მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თანამშრომლობა სატრანსპორტო კავშირების კუთხით, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესი და შედეგები გვაქვს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში - სულ ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. ასევე განიხილება თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხი. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის თუ ტურისტულ სექტორში კავშირების გაღრმავებას“, - განაცხადა "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. აღინიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები, რადგან ისინი პირდაპირი ხელშემწყობი ფაქტორია როგორც შუა დერეფნის პროექტის განვითარების, ისე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
სამინისტროს ცნობითვე, დღესდღეობით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ინვესტიციები ჩინეთიდან 2025 წლის პირველ ნახევარში 229%-ით გაიზარდა. ასევე მზარდი დინამიკით გამოირჩევა ტვირთბრუნვა შუა დერეფნის გავლით.




























