მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ₾6 მლნ-ის ინვესტიციით ფარმაცევტული ლოგისტიკური ცენტრი ამოქმედდა - Pharma Solutions-ის გეგმები

638f01b413054
ვიქტორია მღებრიშვილი
07.12.22 10:10
1355
თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ, რამდენიმე თვეა ფარმაცევტული ლოგისტიკური ცენტრი Pharma Solutions-ი ამოქმედდა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს GDP სტანდარტებს. პროექტის განხორციელებისათვის 6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და 32 ადამიანი დასაქმდა.

ლოგისტიკური ცენტრი 5 000კვ.მ. ფართობზეა განთავსებული, საიდანაც 2 000 კვ.მ შენობას უკავია. ის სასაწყობე და საოფისე ფართებს აერთიანებს. შენობის დიზაინი საინჟინრო ინფრასტრუქტურა იტალიურმა სპეციალიზებულმა კომპანიამ შეიმუშავა. ცენტრმა ფუნქციონირება მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყო და დღეისთვის 30-ზე მეტ კომპანიას ემსახურება, თუმცა მისი რესურსი 50-მდე კომპანიის მომსახურებაა.

„პროექტის დაწყებამდე კვლევა ჩავატარეთ - ინდივიდუალურ საბითუმო რეალიზატორების მიერ მედიკამენტების შენახვა-დისტრიბუციასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ (პერსონალი, გათბობა-გაგრილება, ავტოპარკი, ა.შ). აღნიშნული კვლევის შემდეგ, ჩვენს კლიენტებს 40-50% ნაკლები ხარჯით A კლასის სასაწყობე ინფრასტრუქტურას და GDP მომსახურების სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ასე, რომ ჩვენი კლიენტები როგორც ფინანსური, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებლით ბევრად მოგებულები რჩებიან.

ჩვენი ერთადერთი ფოკუსი დასაწყობება და ლოგისტიკაა. ანუ ჩვენ რაიმე მედიკამენტის იმპორტს/ექსპორტს, რეალიზაციას არ ვაწარმოებთ და არანაირ კომერციულ ან კლიენტებთან კონკურენციის შემცველ საქმიანობაში არ ვერთვებით. შესაბამისად, ერთადერთი 100%-ით ფარმაცევტული ლოგისტიკური სერვისების აუთსორსკომპანია ვართ საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმოდელის კუთხით კონკურენცია არ არსებობს“, - განმარტა „გლობალ ფარმა სოლუშენსის“ მარკეტინგის მენეჯერმა.

გიორგი ხანიშვილი BM.GE-სთან პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროექტის შესრულება 5 წლის წინ გადაწყვიტეს.

„საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე საქმიანობის გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოქმედი ფარმაცევტული პროდუქტების საბითუმო რეალიზატორების უმეტესობა პროდუქციის შენახვისა და დისტრიბუციის საერთაშორისო ნორმებს და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინებს (Good Storage Practices, Good Distribution Practices, Good Trade and Distribution Practices) ვერ აკმაყოფილებდა. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებული რეგულაციები სულ უფრო მკაცრდება. 5 წლის წინ, როდესაც ლოგისტიკური ცენტრის პროექტზე ფიქრი დავიწყეთ ჩვენთვის ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან საქართველოშიც გამკაცრდებოდა ფარმაცევტული ინდუსტრიის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ისიც ცხადი იყო, რომ როდესაც საბითუმო რეალიზატორები გამკაცრებული მოთხოვნების წინაშე დადგებოდნენ, ქვეყანაში არ იქნებოდა ინფრასტრუქტურა, რომელიც გამკაცრებულ მოთხოვნებით შენახვისა და დისტრიბუციის პირობებს დააკმაყოფილებდა. განსაკუთრებით საფრთხის წინაშე 500-მდე წვრილი და საშუალო საბითუმო რეალიზატორი (500 ათასიდან 5 მილიონამდე წლიური ბრუნვა) დადგებოდა, რომელთაც მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის არც ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობა ჰქონდათ. აღნიშნული გარემოებები პროექტის ინიცირების საფუძველი გახდა“, - განმარტა ხანიშვილმა.

„ფარმა სოლუშენსი“ მომავალ წელს მომავალი წლის გაზაფხულზე სასაწყობე ფართის გაფართოებას გეგმავს, რაც დამატებით 1500 პალეტ-ადგილს მოიცავს.

„ვვარაუდობთ, რომ გაზაფხულისათვის მინიმუმ 45 ადამიანს დავასაქმებთ. პროექტის გაფართოებისთვის კომპანია 3 მლნ ლარზე მეტის ინვესტირებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ხანიშვილმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები