თბილისში 2023 წლის აგვისტოში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები შემცირდა. ზაფხულის ბოლო თვეში დედაქალაქში 3 420 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.
Colliers Georgia-ს საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ბაზრის ზომა 8%-ით, 187 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
მათივე მონაცემებით, აგვისტოში გაყიდვები როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში შემცირდა. კერძოდ ახალ პროექტებში ტრანზაქციების 6%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა.
სეგმენტის მიხედვით, თბილისში ახალაშენებულ ეკონომსეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 9%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის მხოლოდ 1%-იანი კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა არ შეცვლილა.
რაც შეეხება ბინების ღირებულებას, აღნიშნულ პერიოდში თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
recov.ge-ზე განახლებული მიმოხილვის მიხედვით, დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი როგორც გარეუბნებში, ასევე ქალაქის ცენტრალურ უბნებში უმნიშვნელოდ გაიზარდა .