მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ღამის ავტობუსი გაუქმდა - რატომ შეაჩერა მერიამ "ღამის ეკონომიკის" საპილოტე პროექტი

637f75c54ee3d
ანუკა ჯოხაძე
24.11.22 23:55
2649

2018 წლის 21 სექტემბერს თბილისის მერიის “ღამის ეკონომიკის” პროექტის ფარგლებში “ღამის №222 ავტობუსი” ამოქმედდა, რომელიც ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“ მოძრაობდა. როგორც მაშინ თბილისის მერიაში აცხადებდნენ პროექტი საპილოტე იყო, თუმცა სამ თვეში ახალი მარშრუტების დამატებაც იგეგმებოდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი “ღამის ავტობუსის” ხაზი თბილისის მერიამ გააუქმა. კახა კალაძის თქმით, ღამის ავტობუსი პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო გაუქმდა, თუმცა პოსტ პანდემიურ რეალობაში ავტობუსის ხაზის აღდგენა მაინც არ მომხდარა.

კითხვაზე, როგორია თბილისის მერიის ხედვა დედაქალაქში “ღამის ეკონომიკის” განვითარების თვალსაზრისით, კახა კალაძე პასუხებს, რომ ამ კუთხით იდეებს საზოგადოებას გააცნობენ.

“რაც შეეხება ღამის ეკონომიკას, ჩვენ ბევრი პროექტი განვახორციელეთ, როცა იყო რთული პანდემიური პერიოდი. რაც შეეხება ამ კუთხით სიახლეებს და მომავალს, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რა განხორციელდება და რა იდეები იქნება ამ ინფორმაციას მოგაწვდით. ღამის ავტობუსი აღარ დადის. გაამართლა, უბრალოდ პანდემიის პირობებში, იცით რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აკრძალული იყო, შესაბამისად, ვერ დარჩებოდა ღამის ეკონომიკის პირობებში ღამის ავტობუსი და იქნა მოხსნილი,”-აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

კითხვაზე აპირებს თუ არა თბილისის მერია დედაქალაქში ღამის ავტობუსის დაბრუნებას, კახა კალაძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ.

ცნობისთვის: პროექტი “ღამის ეკონომიკა” თბილისის მერიამ 2018 წელს დაიწყო. პროექტის მენეჯერი სერგი გვარჯალაძე იყო, რომელმაც აღნიშნული პოსტი 2020 წლის აგვისტოში დატოვა. მენეჯერის პოსტი სერგი გვარჯალაძემ მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა.

ღამის ეკონომიკა: რა გააკეთა გვარჯალაძემ?