მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისში ჯანსაღი დესერტების სტარტაპი Healthy Cake ამოქმედდა - გეგმები

62695de905aaf
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.22 09:45
1607
თბილისში, რამდენიმე თვეა ჯანსაღი დესერტების სტარტაპი Healty Cake ამოქმედდა, რომელიც ამ დროისთვის ონლაინსაკონდიტროს ფორმატში ოპერირებს და მომხმარებელს დაბალკალორიული დამატკბობლების და ნატურალური პროდუქტებისგან წარმოებულ დესერტებს სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბაზრისთვის Healthy Cake სტარტაპის დონეზეა, მის დამფუძნებელ ნათელა გოგსაძეს ჯანსაღი დესერტების წარმოების რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. როგორ თავად BM.GE-სთან ამბობს, მან დესერტების მცირე ბიზნესი უზბეკეთში ცხოვრებისას წამოიწყო და იქ მოქმედ ფიტნესცენტრებთან და კვების ობიექტებთან წარმატებით თანამშრომლობდა. ოჯახთან ერთად თბილისში გადმოსვლის შემდეგ კი ბიზნესად ქცეული საყვარელი საქმის გაგრძელება გადაწყვიტა.



„ჩემი დესერტები იმით გამოირჩევა, რომ ისინი არ შეიცავს შაქარს და ხორბლის ფქვილს, ასევე ისინი დაბალკალორიულია და შეუძლია მიირთვას ყველამ, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება და დიეტას იცავს. ჩვენს საწარმოო ხაზში წარმოდგენილია უშაქრო დესერტები, ნახშირწყლების დაბალი შემცველობის, უგლუტეინო, ულაქტოზო და ვეგანური დესერტები. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებთ, ეს დესერტების კალორიულობაა. Healthy Cake-ის ეტიკეტზე კალორიების, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გარდა, დატანილია QR კოდი, რომლის სკანირებით, დესერტის სრულ შემადგენლობას გაეცნობით. ამასთან, ისეთი დესერტების მოთხოვნის შესაბამისად ისეთ დესერტების მომზადებაც შეგვიძლია, რომლის შემადგენლობაში მათთვის ალერგიული ინგრედიენტები არ იქნება.

დღეს ჩვენი დესერტების ნახვა და შეძენა მსურველებს ჩვენს ვირტუალურ ვიტრინაში Instagram-სა და Facebook-ის გვერდებზე შეუძლიათ. რაც მომხმარებელს სარეალიზაციო ობიექტების მოსანახულებლად დასახარჯი დროის დაზოგვის საშუალებას იძლევა. ონლაინმაღაზიის მთავარი უპირატესობაა ჩვენი დესერტების ღირებულება, რომელიც არ მოიცავს საკონდიტრო ფართის ქირის ღირებულებას, ხელფასს და სხვა ხარჯებს, რომელიც საბოლოო ჯამში, ოფლაინ გაყიდვისას მყიდველზე აისახება“, - ამბობს ნათელა გოგსაძე.



მისი თქმით, ამ დროისთვის ბიზნესში ჩადებული ინვესტიცია მაღალი არ არის, რადგან პირველადი საჭირო აღჭურვილობა და ინგრედიენტები უზბეკეთიდან ჩამოიტანეს.

„ჩვენს გუნდს HoReCa სექტორში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენს ხარჯებს ეფექტიანად ვმართავთ, თუმცა ეს ხარისხის ხარჯზე არ ხდება. ვცდილობთ ჩვენი საფასო პოლიტიკა ისე განვსაზღვროთ, რომ ჯანსაღი დესერტების შეძენა სხვადასხვა შემოსავლის მქონე მომხმარებელმა შეძლოს. ამიტომ თითოეული უშაქრო დესერტის ღირებულება 4-დან 17 ლარამდეა. ასევე გვაქვს ტორტები ფიქსირებულ ფასად, თუმცა გაფორმებისა და შიგთავსის არჩევის შესაძლებლობით.

საქართველოში ამ მხრივ კონკურენცია ფაქტობრივად არ არსებობს, რამდენადაც ჯანსაღი დესერტების წარმოება დიდ დინანსებსა და ცოდნას მოითხოვს. არ შეიძლება უბრალოდ ამოიღო შაქარი დესერტიდან და მას ჯანსაღი უწოდო. კარგად უნდა გესმოდეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ურთიერთობა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯანსაღი დესერტების მოხმარების მხრივაც დიდი მოთხოვნა ჯერ არ არის და დროა საჭირო იმისთვის, რომ მომხმარებელი გაეცნოს და მისი მოხმარება დაიწყოს“, - აღნიშნავს სტარტაპის დამფუძნებელი კონკურენციაზე საუბრისას.



აღსანიშნია, რომ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ Healthy Cake აქტიურ მოლაპარაკებებს ფიტნეს ცენტრებთან აწარმოებს და ჯანსაღი ცხოვრების წარმოების კუთხით მათთან საინფორმაციო კომუნიკაციას ამყარებს.

„სტარტაპის განვითარებას ასევე კაფე-რესტორნებთან, ფიტნეს ცენტრებთან თანამშრომლობის გზით ვგეგმავთ. მომავალში ვფიქრობთ საგანმანათლებლო მასტერკლასების წარმოებას. გრძელვადიან გეგმაში გვინდა Healthy Cake-ის პროექტში ბათუმში ჩავუშვათ“, - უთხრა BM.GE-ის ნათელა გოგსაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები