თბილისი, წმინდა ნიკოლოზის ქუჩა N2/კოსტა ხეთაგუროვის ქუჩა N2-ში მდებარე სახელმწიფო ქონება განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე 6 650 000 ლარად იყიდება.
უძრავი ქონება ექცევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები.
თავდაპირველად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ აქტივის პრივატიზების მიზნით აუქციონი 23 ივლისს გამოაცხადა, თუმცა ქონების შეძენით არავინ დაინტერესდა და აუქციონი არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 12 აგვისტოს დაიწყო და 26 აგვისტოს დასრულდება.
ქონების საერთო ფართობი 3 694 კვადრატული მეტრია და შემდეგი აღწერილობა აქვს: 927.62 კვ.მ, 891.81 კვ.მ., 775.14 კვ.მ. და 793.78 კვ.მ. ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 305.90 კვ.მ. სარდაფი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
დაინტერესების და შეძენის შემთხვევაში, აუქციონის საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ახალ მფლობელს, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის არანაკლებ 1 000 000 ლარის (დღგ-ს გარეშე) ინვესტიცია ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 4 წლის ვადაში უნდა ჩაედო. სამუშაოები კი შესაძლოა მოიცავდეს, ქონების დემონტაჟს და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას. ამ ვალდებულების შესრულებიდან მაქსიმუმ 6 თვეში კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით უძრავ ქონებაზე განთავსებული სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის, რომლის ფართი უნდა იყოს არანაკლებ 300 კვ.მ.) ფუნქციონირებისათვის მზადმყოფ მდგომარეობაში მოყვანა უნდა უზრუნველეყო. დამატებით სახელშეკრულებო (არასაპრივატიზებო) პირობად განსაზღვრული იყო თავშესაფრის ფუნქციის მუდმივად შენარჩუნება და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ ამ სამოქალაქო თავდაცვის ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა.
ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობა 665 000 ლარია, ხოლო სავაჭრო ბიჯის ოდენობა 5 000 ლარი.