თებერვალში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა. Galt&Taggart-ის თებერვლის განახლებული მონაცემების თანახმად, გასულ თვეში თბილისში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა. ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით, მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ფასებს, როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსმა კახა სამყურაშვილმა განაცხადა, 2024 წლის თებერვალში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა, თვიური 0.8%-იანი და წლიური 16.5%-იანი ზრდით.
„2024 წლის თებერვალში თბილისში 3, 444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის +6.3% წ/წ ზრდის შემდეგ. ზრდა განაპირობა პირველად ბაზარზე გაზრდილმა ტრანზაქციებმა (+11.8% წ/წ), მეორად ბაზარზე კი გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების პერიოდული კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც თავის მხირვ გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ნელ-ნელა ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.
2024 წლის თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში, ვაკე (-11.2% წ/წ) და მთაწმინდა (-35.9% წ/წ).
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლებს რაც შეეხება, უცვლელი დარჩა გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, რაც მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივეს უკავშირდება.
ფასების მხრივ, 2024 წლის თებერვალში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა. თვიურად ეს იყო 0.8%-იანი და წლიურად 16.5%-იანი ზრდა.“ - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, გასულ თვეში თბილისში 258.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც 4.9%-იანი წლიური ზრდაა.