მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თებერვალში საქართველოს საგარეო ვალი $30 მილიონით, $8.6 მილიარდამდე გაიზარდა

დოლარი ევრო

ფინანსთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა 2025 წლის თებერვლის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.58 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იანვართან შედარებით $30 მილიონით მეტია.

2024 წლის თებერვალთან შედარებით კი საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 173 მილიონი დოლარით არის შემცირებული. თუმცა ეს კლება ძირითადად დაკავშირებულია გაცვლითი კურსის ეფექტთან. საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 60%-ზე მეტი ნომინირებულია ევროში, რომელიც 2024 წლის თებერვლიდან 2025 წლის თებერვლამდე გაუფასურების ტრენდს ინარჩუნებდა. კერძოდ კი 2024 წლის თებერვალში ერთი ევრო 1.09 დოლარი ღირდა, 2025 წლის თებერვალში კი ის 1.04-ის ტოლი იყო. ამ გაუფასურებამ დოლარში გამოსახული სახელმწიფო ვალის მოცულობა შეამცირა.

თუმცა უკვე 2025 წლის მარტში დოლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა და კურსი კვლავ 1.09 გახდა. შესაბამისად, მარტის საგარეო ვალის სტატისტიკაში ეს საკურსო სხვაობა ხელახლა აისახება და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა სავარაუდოდ 8.8 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

რაც შეეხება ვალის პორტფელს, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.

ვისი ვალი აქვს საქართველოს - სტატისტიკა 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით:

საფინანსო ინსტიტუტი/ქვეყანა ვალის ნაშთი
აზიის განვითარების ბანკი (ADB) $2,261,559,000
მსოფლიო ბანკის ჯგუფი $2,107,266,000
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) $1,080,251,000
საფრანგეთი (AFD) $766,327,000
გერმანია (KFW) $565,773,000
ევრობონდი $500,000,000
ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ $352,776,000
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) $212,102,000
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) $205,879,000
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ $176,388,000
ევროკავშირი (EU) $139,317,000
იაპონია $123,058,000
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) $36,699,000
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) $14,664,920
ავსტრია $10,422,000
ქუვეითი $8,529,000
ამერიკის შეერთებული შტატები $5,902,000
რუსეთი $3,997,000
სკანდინავიური გარემოს დაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) $3,090,000
თურქეთი $1,139,000
ყაზახეთი $636,000
აზერბაიჯანი $585,000
სომხეთი $516,000
ირანი $427,000
თურქმენეთი $211,000
ნიდერლანდების სამეფო $13,000

2025 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალის მომსახურებაზე 2.2 მილიარდ ლარს დახარჯავს., საიდანაც 1.37 მილიარდი ლარი ვალის ძირის, 845 მილიონი ლარი კი ვალის პროცენტის მომსახურებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები