მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თებერვალში თბილისში 3 358 ბინა გაიყიდა - რა ღირდა  კვადრატული?

გაყიდვები

TBC Capital-მა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის თებერვლის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 1%-ით შემცირდა - თებერვალში თბილისში 3 358 ბინა გაიყიდა.

TBC Capital-ის კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში, 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასი 6%-ით გაიზარდა და კვადრატულის საშუალო ღირებულებამ $1 202 შეადგინა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გასულ თვეს 725 ახალ აშენებული და 2 633 ძველი ბინა გაიყიდა. შესაბამისად, ახალი ბინების გაყიდვების მაჩვენებელი 3%-ით შემცირდა, ძველი ბინების კი - უცვლელი დარჩა. ამასთან, ახალი ბინების გასაყიდი ფასი წლიურად 9%-ით გაიზარდა, ძველის კი - 5%-ით.

მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის თებერვალში, გაყიდული ბინების რაოდენობით, უბნებს შორის, პირველ ადგილს კვლავ დიდი დიღომი იკავებს, რომელსაც მთლიან გაყიდვებში 24%-იანი წილი უჭირავს. მეორე ადგილზეა საბურთალო - 18%-იანი წილით.

“ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა კრწანისში, სამგორსა და დიდ დიღომში. ყველაზე მეტი ახალი ბინა კვლავ დიდ დიღომში გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში, გაყიდვებში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა ნაძალადევსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა”, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ბინების გასაქირავებელი ფასი თებერვალში $12.0-ს გაუტოლდა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ითაა შემცირებული.

ცნობისთვის, გასულ თვეს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $266 მილიონს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 2%-იანი ზრდაა.