გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოსთვის თელავის აეროპორტი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წელს კი მთავრობის წარმომადგენლების გამოსვლებიდან გაირკვა, რომ აეროპორტი ოპერირებას მიმდინარე წელს შიდა ფრენების მიმართულებით დაიწყებს. 2027 წლიდან კი, არსებული მოლოდინით "მიმინო" საერთაშორისო რეისებსაც მიიღებს. თელავში, აეროპორტის განახლების გაცხადებული მიზანი რეგიონის ტურისტული პოტენციალის ზრდაა. ამ სიახლეს კახეთში მოქმედი ბიზნესები, განსაკუთრებით კი სტუმარმაპინძლობის დარგის წარმომადგენლები პოზიტიური მოლოდინებით შეხვდნენ.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმრო Lopota Spa Resort-ი თელავიდან საერთაშორისო ფრენების დაწყებაზე მრავალი წელია საუბრობს. კახეთში საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პერსპექტივებსა და რეგიონებში საავიაციო სფეროს განვითარებით სასტუმროებისთვის გაჩენილ შესაძლებლობებზე BM.GE-სთან Lopota Lake Resort & Spa-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა ისაუბრა.
- არსებული გადაწყვეტილებით, თელავში აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება. რა პერსპექტივებს აჩენს კახეთში სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის და კონკრეტულად Lopota Lake Resort & Spa-სთვის რეგიონში აეროპორტის ოპერირება?
პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებას ჩვენთვის სასიხარულო და კიდევ მეტი სტიმულის მომცემია. ჩვენი ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, აეროპორტი შიდა ფრენებისთვის იქნება განკუთვნილი, კერძოდ ბათუმის, მესტიის, ქუთაისისა და ამბროლაურის მიმართულებით, რაც ქვეყნის რეგიონებს შორის მობილობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღნიშნული რეგიონებიდან, ბიზნეს პოტენციალის გათვალისწინებით, ყველა მიმართულებას თავისი დატვირთვა ექნება. როგორც 2023 წლის ტურისტული სტატისტიკა მოწმობს, ქვეყანაში ყველაზე მეტად მონახულებადი მიმართულება აჭარის რეგიონი იყო. ბათუმსა და თელავს შორის შიდა ფრენა, თავისთავად ქმნის პერსპექტივას საზღვაო დამსვენებლების მოყვარული ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს კახეთის რეგიონის გამოცდილების უფრო მარტივად მიღება. რაც შეეხება სვანეთს, სამთო კურორტებს შორის მესტია საკმაოდ პოპულარულია, ამგვარად შიდა ფრენა კახეთისთვის დაბალ სეზონზე უფრო მეტ შესაძლებლობებს შექმნის და ტურისტის ქვეყანაში დარჩენის პერიოდს გაახანგრძლივებს. რაც შეეხება ქუთაისს, იქიდან გამომდინარე რომ ქუთაისში შედარებით დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები ფრენების საკმაოდ მაღალი სიხშირით ოპერირებენ, კახეთის მიმართულებით ქუთაისიდან შიდა ფრენების შესრულება აღმოსავლეთის ამ რეგიონს არსებული ტურისტული ბაზრების გამრავალფეროვნების შესაძლებლობას მისცემს.
- არსებული გეგმის თანახმად 2027 წლიდან აეროპორტს უნდა დაემატოს საერთაშორისო რეისებიც. რა სახის შესაძლებლობაა ეს სასტუმრო სექტორისთვის?
თელავში საერთაშორისო აეროპორტის არსებობის პოტენციალი, ჩვენს ბიზნეს ხედვებში, რეზორტის დაარსების დღიდან მოიაზრებოდა. აღნიშნული, ვფიქრობ, კახეთის რეგიონის ტურისტულ, და არა მხოლოდ, პოტენციალს სულ სხვა სიბრტყეში გადაიყვანს.
საერთაშორისო აეროპორტი რეგიონის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს და ახალი ბიზნესების გაჩენის პერსპექტივას ქმნის. შესაბამისად, ჩამოყალიბდება სრულიად ახალი მოგზაურის ტიპი კახეთის რეგიონში, როგორიც არის ბიზნეს ინდივიდუალური მოგზაური. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდ პოტენციალს ვხედავთ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. აეროპორტის არარსებობის პირობებში ბიზნეს ჯგუფებს, საკმაოდ გართულებული აქვთ კახეთის რეგიონში მოხვედრა შეზღუდული დროისა და ფინანსური რესურსის გამო, რაც თავისთავად გადაწყვეტილების მიღების დროს მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. პირდაპირი ფრენების არსებობა დიდწილად აგვარებს ამ საკითხს და მეტ მოტივაციას გვაძლევს ჩვენც, კერძო სექტორს, გავაძლიეროთ ჩვენი გაყიდვებისა და მარკეტინგული აქტივობები ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით და თავის მხრივ, ქვეყანას
წარადგენს საერთაშორისო არეალზე უფრო მრავალფეროვანი პროდუქტით".
- საერთაშორისო რეისების განვითარება დიდწილად დამოკიდებულია მოთხოვნაზე კონკრეტული ქვეყნიდან. თქვენთვის, რომელი მიმართულებების განვითარებაა ყველაზე პრიორიტეტული მას შემდეგ, რაც თელავი შეძლებს რეისების განხორციელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც?
ჩვენ ხშირად ვიღებთ მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებსა და სხვადასხვა B2B შეხვედრებში. ყველა შეხვედრიდან თუ გამოფენიდან იკვეთება პირდაპირი ფრენების არსებობის საჭიროების საკითხი. Lopota-ს ძალისხმევა ყოველთვის იყო მიმართული ტურისტული ბაზრების პოტენციალი ევროპის მიმართულებით განევითარებინა. ამ მიზნით გვქონდა და ახლაც გვაქვს თანამშრომლობა ევროპულ PR და მარკეტინგის სხვადასხვა სააგენტოსთან. გარდა ამისა აქტიურად ვმუშაობთ ბოლო წლებია ისრაელის მიმართულებაზე. ისრაელის ტურისტული ბაზარი კარგად არის ათვისებული თბილისისა და ბათუმის მიერ, რასაც დიდწილად პირდაპირმა ფრენებმა შეუწყო ხელი. კახეთის რეგიონს ნაკლები ცნობადობა აქვს აღნიშნულ ბაზარზე, თუმცა პოტენციალი და დაინტერესება ჩვენი აქტივობიდან და პარტნიორების უკუკავშირიდან გამომდინარე, იკვეთება რომ საკმაოდ მაღალია. კახეთი, როგორც ღვინის სამშობლო, სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას შესთავაზებს ისრაელელ ტურისტს და ზუსტად უპასუხებს იმ მოთხოვნილებას რაც დღეს აღნიშნულ ბაზარზე არსებობს - ახალი და აუთვისებელი მიმართულება საქართველოში. ამ ახალი მიმართულების განვითარებას პირდაპირი ფრენები ნამდვილად შეუწყობს ხელს.
- Lopota Lake Resort & Spa-ი, როგორც ოთხი სეზონის სასტუმრო საიდან იღებს ამ ეტაპზე ყველაზე მეტ
სტუმარს, როგორია გეოგრაფია?
სწორედ აღნიშნეთ, რომ Lopota ოთხი სეზონის რეზორტია. ეს კახეთის კიდევ ერთი უპირატესობაა ტურისტული ბაზრების დივერსიფიცირებისა და ზოგადი ზრდისთვის. Lopota-ს სტუმრები ორად შეგვიძლია გავყოთ, შიდა ტურისტი და საერთაშორისო მოგზაური. ქართველ ტურისტს ჩვენს საერთო სტუმრების წილში 50% უკავია, რაც ძალიან გვახარებს. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, ამ ეტაპზე, აქტიურია ისრაელი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და პოზიტიური დინამიკა შეინიშნება აზიის
ქვეყნებიდან.
როგორია სასტუმროს გეგმები, რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, იგეგმება თუ არა გაფართოება/კონკრეტული პროექტები?
წელს გაფართოების მომდევნო ეტაპი გვაქვს და ივნისში დაანონსებული გვაქვს ახალი 80 ნომრიანი პრემიუმ კლასის სასტუმრო კორპუსის, ჯაზ კლუბისა და აკვაპარკის გახსნა. გაფართოების ამ ეტაპით Lopota Lake Resort & Spa-ი ხდება საქართველოში ყველაზე დიდი რეზორტი, როგორც ნომერფონდის, ასევე შიდა ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. რეზორტი გააერთიანებს 311 სასტუმრო ნომერს, 6 რესტორანს, 8 საცურაო აუზს და აკვაპარკს, სპორტულ მოედნებსა და სატრენაჟორო დარბაზებს,
„შატო ბუერა“-ს მეღვინეობას, სპას და სხვა სარელაქსაციო სივრცეებს. ამ ეტაპისთვის შესაძლებლობა გვექნება ვუმასპინძლოთ ერთდროულად 750 სტუმარს. მიუხედავად რეზორტის მასშტაბურობის, არსებული ტერიტორიის სიდიდემ, მოგვცა საშუალება შეგვენარჩუნებინა ის სიმყუდროვე და ოჯახური ატმოსფერო, რაც ჩვენს სტუმრებს ყველაზე მეტად უყვართ Lopota-ზე".
შეგახსენებთ, თელავის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებულ კონკურსში შპს „ხმალაძე არქიტექტორებმა“ გაიმარჯვა. ახალი სატერმინალე ინფრასტრუქტურის გარდა, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულად განახლებას მოიცავს – ის 1,7 კმ-მდე დაგრძელდება, ასევე მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები და აშენდება ახალი სანავიგაციო კოშკურა.
(რ)