მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TELEGRAM-ი საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის ემზადება

Telegram პაველ დუროვი

სოციალური ქსელი Telegram-ი საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის ემზადება. პაველ დუროვის მიერ დაფუძნებული კომპანიის IPO, სავარაუდოდ, 2025 წელს შედგება, როდესაც კომპანია სრულ რესტრუქტურიზაციას დაასრულებს და ინვესტორებისგან საბოლოო დასტურს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს Telegram-მა 270 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. ბირჟაზე ბონდების განთავსების მთავარი მიზანი ინვესტორების მხრიდან დამატებითი კაპიტალის მოზიდვა იყო. პაველ დუროვის განმარტებით, თანხა სრულად მოხმარდებოდა Telegram-ის განვითარებას და მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მოგეხსენებათ, თითქმის ათწლიანი ოპერირების მიუხედავად, Telegram-ი ჯერაც წაგებიანი ბიზნესია, რომელსაც საოპერაციო ხარჯების დასაფარად მუდმივად სჭირდება დამატებითი ვალდებულებების აღება. როგორც დუროვი აღნიშნავს, ობლიგაციების თითქმის მეოთხედი მან თავად შეისყიდა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას ფული თავად დამფუძნებელმა ასესხა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა, მისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ კი 800 მილიონს მიაღწია. ამ ეტაპზე Telegram-ს უკვე ჰყავს მომხმარებლების კრიტიკული მასა, რაც მოგებაზე გასასვლელადაა საჭირო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პაველ დუროვი რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ინოვატორია, რომელიც ამჟამად არა რუსეთის, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქის სტატუსს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 11.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

საამიროებში აღმოჩენამდე 38 წლის დუროვს რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიის გავლა მოუწია, ის წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების ზეწოლის წინაშე.

დუროვს ხშირად რუსი მარკ ცუკერბერგის წოდებითაც მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისი წარმატებაც, ცუკერბერგის მსგავსად, სოციალურ ქსელებს უკავშირდება, თუმცა მსგავსებები მხოლოდ აქ არ მთავრდება.

ვრცლად Telegram-ის დამფუძნებლის შესახებ წაიკითხეთ აქ: "პაველ დუროვის ისტორია - როგორ გახდა რუსი მეწარმე არაბთა საამიროების უმდიდრესი მოქალაქე?"


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები