მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TELEGRAM-მა $270 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა - რას გეგმავს პაველ დუროვი?

64b7a462c077e
გიორგი თოლორდავა
20.07.23 00:30
1061
სოციალურმა ქსელმა Telegram-მა დამატებით 270 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. ბირჟაზე ბონდების განთავსების მთავარი მიზანი ინვესტორების მხრიდან დამატებითი კაპიტალის მოზიდვაა.

კომპანიის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებით, თანხა სრულად მოხმარდება Telegram-ის განვითარებას და მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოგეხსენებათ, თითქმის ათწლიანი ოპერირების მიუხედავად, Telegram-ი ჯერაც წამგებიანი ბიზნესია, რომელსაც საოპერაციო ხარჯების დასაფარად მუდმივად სჭირდება დამატებითი ვალდებულებების აღება.

როგორც დუროვი აღნიშნავს, ობლიგაციების თითქმის მეოთხედი მან თავად შეისყიდა, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კომპანიას ფული თავად დამფუძნებელმა ასესხა.

„Telegram-ის მხარდაჭერას და მასში ფულის ჩასხმას იქამდე გავაგრძელებ, სანამ კომპანია მოგებაზე არ გავა. ხშირად მეუბნებიან, რომ ამ ბიზნესის დაწყებას სახლების, იახტების და თვითმფრინავების ყიდვა სჯობდა, თუმცა ეს ასე არ არის. Telegram-ის წარმატება ჩემი ცხოვრების მიზანია და მის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ“, - აცხადებს დუროვი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, Telegram-ი განსაკუთრებით პოპულარულ სოციალურ ქსელად იქცა, მისი აქტიური მომხმარებლების რაოდენობამ კი 800 მილიონს მიაღწია. ამ ეტაპზე Telegram-ს უკვე ჰყავს მომხმარებლების კრიტიკული მასა, რაც მოგებაზე გასასვლელადაა საჭირო.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პაველ დუროვი რუსეთის ფედერაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე და ინოვატორია, რომელიც ამჟამად არა რუსეთის, არამედ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმდიდრესი მოქალაქის სტატუსს იკავებს. Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება 11.5 მილიარდ დოლარს შეადგეს.

საამიროებში აღმოჩენამდე 38 წლის დუროვს რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიის გავლა მოუწია, ის წლების განმავლობაში არაერთხელ ყოფილა რუსეთის მთავრობისა და სპეცსამსახურების ზეწოლის წინაშე.

დუროვს ხშირად რუსი მარკ ცუკერბერგის წოდებითაც მოიხსენიებენ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მისი წარმატებაც, ცუკერბერგის მსგავსად, სოციალურ ქსელებს უკავშირდება, თუმცა მსგავსებები მხოლოდ აქ არ მთავრდება. 

ვრცლად Telegram-ის დამფუძნებლის შესახებ წაიკითხეთ აქ:  "პაველ დუროვის ისტორია - როგორ გახდა რუსი მეწარმე არაბთა საამიროების უმდიდრესი მოქალაქე?"


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები