ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც GDS-იც შედის, გაიყიდა - ამის შესახებ განცხადება მედიაჰოლდინგის ახლა უკვე ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაავრცელა.
კომპანია „ტელეიმედის“ მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ წილების გასხვისების შესახებ ცვლილება სამეწარმეო რეესტრში 6 თებერვალს აისახა.
"იმედის" ჰოლდინგის მმართველი კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 100%-იანი წილი „პრაიმ მედია გლობალმა" 1000 ლარად შეიძინა. აღნიშნული შპს „პრაიმ მედია გლობალის“ მიერ შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა.
"მყიდველი, მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, იძენს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 100%-იან წილს. ნასყიდობის ფასი, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, განსაზღვრულია სიმბოლურ ოდენობად - 1 000 (ათასი) ლარი", - წერია GCCA-ის კონცენტრაციის შესახებ გაცემულ გადაწყვეტილებაში.
სააგენტოში „პრაიმ მედია გლობალსა“ და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ შორის კონცენტრაციაზე განაცხადი 2026 წლის 28 იანვარს შევიდა. იმ დროისთვის, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 100%-იანი წილის მფლობელი შპს „მედია ფაინენს გრუპი“ იყო (65838556, ნიდერლანდები), რომელიც ირაკლი რუხაძესა და მის პარტნიორებს ეკუთვნით.
„პრაიმ მედია გლობალის“ მფლობელი ილია მიქელაიშვილია, რომელიც 100%-იან წილებს კომპანიებში შპს „აი ტი თრეიდსა“ (ს/ნ 404989660) და შპს „პირველში“ (ს/ნ 202353185) ფლობს. 6 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" კომპანიის დირექტორის თანამდებობას მარიამ ლომიძე ინარჩუნებს.
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ კი წილებს შემდეგ კომპანიებში ფლობს:
- შპს „უნიმედია“ (ს/ნ 205284609) – 50%-იანი წილი;
- შპს „ტელეიმედი“ (ს/ნ 202188612) – 100%-იანი წილი;
- შპს „რადიო იმედი“ (ს/ნ 204982206) – 100%-იანი წილი;
- შპს „IMEDI FILMS“ (ს/ნ 401967840) – 100%-იანი წილი;
- შპს „ტელეკომპანია აისი“ (ს/ნ 205188615) – 100%- იანი წილი;
- შპს „ბადრი პატარკაციშვილის სახელობის ჟურნალისტიკის სკოლა“ (ს/ნ 401983797) – 100%-იანი წილი;
- შპს „ჯი-დი-ეს თი-ვი“ (ს/ნ 404947475) – 100%-იანი წილი;
- შპს „თაჩ მედია“ (ს/ნ 205263025) – 100%-იანი წილი.
როგორც ირაკლი რუხაძის განცხადებაშია აღნიშნული, „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა ადვილი არ იყო.
„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება...
არ იყო ადვილი „იმედისთვის“ ახალი მფლობელის პოვნა. მფლობელის, რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა „პრაიმ მედია გლობალზე“. კომპანიაზე, რომელიც მრავალი წელია თანამშრომლობს „იმედთან“ რეკლამის გაყიდვაზე. ეს კომპანია შეიძენს „იმედის“ 50%-ს და 50% გადავა მაკა ლომიძისა და მისი 4 მოადგილის მფლობელობაში“, - წერია ირაკლი რუხაძის განცხადებაში.




























