საქართველოს ყველაზე რეიტინგულმა ტელევიზიებმა 2024 წლის ფინანსური ანგარიშები გამოაქვეყნეს. დოკუმენტაციის თანახმად, როგორც ტელეკომპანია "იმედი", ასევე "რუსთავი 2" ფინანსურ კრიზისში იმყოფებიან და მათი ოპერირება სრულად დამოკიდებული დამფუძნებლებთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფებიდან მიღებულ მრავალმილიონიან კრედიტებზეა დამოკიდებული. ფინანსური ანგარიშების თანახმად, ორივე ტელევიზიის ჯამური ვალდებულებები 502 მილიონ ლარს აჭარბებს.
აღნიშნული კრედიტების გარეშე აღნიშნული ტელევიზიები სრულფასოვან ოპერირებას ვერ შეძლებდნენ, რადგანაც სარეკლამო შემოსავლები მათი ხარჯების დასაფარად არასაკმარისია.
2024 წელს ტელეკომპანია "იმედი" ₾67-მილიონიან ზარალზე იყო, ტელეკომპანია "რუსთავი 2" კი ₾41-მილიონიან ზარალზე. 2024 წელს მიღებული ზარალი საგამონაკლისო არ ყოფილა, რადგანაც აღნიშნული ტელევიზიები ფაქტობრივად ყოველწლიურად ზარალზე გადიან - მაგალითად "იმედის" ზარალი 2023 წელს 51 მილიონი ლარი იყო, 2022-ში 15 მილიონი ლარი, 2021-ში 22 მილიონი ლარი, 2020-ში 74 მილიონი ლარი, 2019-ში კი 51.2 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, "ტელეიმედს" წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებით 454 მილიონი ლარის ჯამური ზარალი აქვს დაგროვილი. რომ არა საკრედიტო დაფინანსება, რასაც არხი მფლობელისგან და მფლობელთან დაახლოებული ბიზნესჯგუფებიდან იღებს მისი მაუწყებლობა თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. აღნიშნული სესხების მომსახურება ტელეკომპანიას მხოლოდ 2024 წელს 22.5 მილიონი ლარი დაუჯდა. იმედის მფლობელია შპს ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი, რომელსაც თავის მხრივ, ნიდერლანდებში რეგისტრირებული Media Finance Group B.V. ფლობს, რომელიც ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "Hunnewell Partners"-ის შემადგენლობაშია.
ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე "ლიბერთი ბანკის", "რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" და "ჰანიველ ცემენტის" აქციონერია - ამ უკანასკნელში მისი ბიზნესპარტნიორი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდიცაა.
ანალოგიურად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გასულ წელს 41 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, ხოლო არხის მიერ ყოველწლიურად ზარალზე ოპერირებით დაგროვილი ჯამური ზარალი 114 მილიონ ლარს შეადგენს. არხმა გასულ წელს ვალდებულებები იქამდე არსებული 76 მილიონი ლარიდან 120 მილიონ ლარამდე გაზარდა. რომ არა მიღებული სესხები, არხს ოპერირებისთვის საკმარისი ფინანსური რესურსები არ ექნებოდა.
ორივე არხის შემთხვევაში ზარალის მიზეზია ის, რომ მიღებული სარეკლამო შემოსავლები არასაკმარისია ათეულობით მილიონი ლარის ხარჯების დასაფარად. ტელევიზიების კომერციული შემოსავალი სარეკლამო შემოსავლებს წარმოადგენს, 2024 წელს "ტელეიმედის" კომერციული შემოსავალი 39 მილიონი ლარი იყო, მხოლოდ სახელფასო ხარჯი კი 41 მილიონ ლარს შეადგენდა, ამასთანავე ტელევიზიას 22.5 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები, 19 მილიონი ლარის საოპერაციო ხარჯები, 10 მილიონი ლარის ცვეთის ხარჯები, 12 მილიონი ლარის სხვა ხარჯები ჰქონდა. "ტელეიმედი" სულ 880 პირს ასაქმებს.
ანალოგიურად, "რუსთავი 2"-ის (სს მედია ჰოლდინგის) სარეკლამო შემოსავალი გასულ წელს 13.9 მილიონი ლარი იყო, თუმცა მხოლოდ სახელფასო ხარჯები არხის მფლობელებს 27.6 მილიონი ლარი დაუჯდათ, ადმინისტრაციული ხარჯები 18 მილიონი ლარი იყო, ფინანსური ხარჯები კი 10 მილიონი ლარი. რუსთავი 2 სულ 671 ადამიანს ასაქმებს. ბიზნეს რეესტრის თანახმად, რუსთავი 2-ის სამაუწყებლო ლიცენზიით სს "მედია ჰოლდინგი" ოპერირებს. ჰოლდინგის აქციონერია ჯორჯიან მანგანეზის ბიზნესჯგუფთან დაკავშირებული ბიზნესმენი გიორგი ქუთათელაძე.



























