მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალი I კვარტალშიც შემცირდა

6454ce0850396
მარიამ ვარადაშვილი
05.05.23 13:29
571
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

პირველ კვარტალში ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 14.1 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მილიონი ლარით ნაკლებია. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 1.2%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი 5.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის პირველ კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლები წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.6%-ითაა გაზრდილი და 1.5 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 87.82%, ხოლო სპონსორობას - 12.16% უკავია.

კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

მარეგულირებელი სარეკლამო ბაზრის შემცირებას კვლავ აზარტული თამაშების რეკლამაზე დაწესებულ რეგულაციას უკავშირებს. კერძოდ, 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა კანონით აღარ არის დაშვებული. რეგულაციის ამოქმედებამდე კი, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილ დამფინანსებლებს წარმოადგენდნენ. გასული წლის იმავე პერიოდში, აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 მილიონი ლარი შეადგინა. სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალი 2022 წელსაც შემცირდა.