ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, ტექნიკურ მისიას დახვდება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც ტექნიკური ჯგუფი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
საქმე ის არის, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ ჩამოვა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, თუ იქნება ინტერესი, აპარატების წარმომადგენლები შეხვდებიან ტექნიკურ მისიას.
„ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი. თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, გავცემთ ყველა კითხვას პასუხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დაახლოებით ათი დღის წინ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიული უკუსვლა და “ოცნებამ” დააშორა საქართველო ევროინტეგრაციას. "ყველას გვინდა, საქართველო ევროპულ გზაზე დაბრუნდეს. საქართველოში გავაგზავნით მისიას, განვიხილავთ დარღვევებს. საარჩევნო დარღვევების გამოძიება უნდა ჩატარდეს. მთავრობამ კი ცვლილებები უნდა განახორციელოს. სხვაგვარად საქართველო ვერ შეძლებს ევროპულ გზაზე წინსვლას", - განაცხადა ბორელმა.




























