თორნიკე თოხაძის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ტექნოლოგიური განვითარება დიდი ხნის წინ დაიწყო - უფრო ადრე, ვიდრე მაგალითად, სომხეთმა - სამეზობლოში განვითარების ტემპი უფრო დაჩქარებულია და არსებობს შანსიც, რომ ამ კონკურენციაში საქართველო ჩამორჩეს. ამის შესახებ ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"შედეგების თვალსაზრისით ძალიან დიდ კონკურენციაში ვართ. საქართველოს ICT სექტორში, ქართული ანდაზა რომ არის, "ადრე ამდგარსა და კურდღელსა, ვერ დაეწევა მწევარიო", შეიძლება აღარ იყოს აქტუალური. ჩვენ დავიწყეთ ბევრად უფრო ადრე, მაგრამ განვითარების ტემპები ჩვენს სამეზობლოშიც ძალიან მაღალია. არსებობს შანსი, რომ დაეწიოს ეს მწევარი კურდღელს და აქ არ უნდა აღმოვჩნდეთ, ამ სიტუაციაში.
სომხეთში ახლა უკვე შენდება უდიდესი ტექნოლოგიური პარკი, რომელიც 150 000 კვადრატული მეტრზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურაა. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე, შენდება ე.წ. "ინჟინერინგ სითი", რომლის ნაწილიც აშენებულია და პრეზენტაციების ნაწილი იქ უკვე გაიმართა, მეორე ნაწილი კი კიდევ უფრო დიდი იქნება", - განაცხადა თორნიკე თოხაძემ.
ასოციაციის თავმჯდომარემ რეგიონალურ კონკურენციაზე NVIDIA-სა და მონაცემთა ცენტრების კონტექსტშიც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სომხეთში ეს მიმართულება სულ უფრო ვითარდება.
"სომხეთში საინვესტიციო ყურადღება ამ ეტაპზე განაწილებულია ორ ძირითად მიმართულებაზე. ერთ-ერთია მზის ენერგია, ვინაიდან, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია მონაცემთა ცენტრები იქნება თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და მეორე მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობის ნაწილში არსებული გამოწვევა და მოხმარების ზრდა.
რაც შეეხება მონაცემთა ცენტრს, რაც NVIDIA-ს ნაწილში არის ნაგულისხმები, ეს პროცესი მიმდინარეობს, დაწყებულია და აქტიურად ხორციელდება. მონაცემთა ცენტრზე ერევანში რამდენიმე საინვესტიციო კომპანიას შევხვდი, რომელსაც ინტერესი ჰქონდათ მსხვილ პროექტებთან დაკავშირებით - ამ მიმართულებით სახელმწიფო და სხვადასხვა სტრუქტურები, მათ შორის EBRD იყო წარმოდგენილი ძალიან კარგად, სათავო ოფისის ძირითადი გუნდი... პროექტები ინიცირებულია 50 მილიონ დოლარზე უფრო ზევით. ანუ NVIDIA არ არის ერთადერთი პროექტი, რომელიც იქ ხორციელდება ამ მიმართულებით", - ამბობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე.




























