ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტერმინალის გახსნის შემდეგ ჟურნალისტების მიერ ბათუმში, PCR-ტესტირებაზე რიგების გამო პუნქტების დამატებასა და ტესტირების ღირებულების გამო ტურისტებისთვის გაზრდილი ხარჯების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, მიმდინარე წელს ტურიზმის ინდუსტრიაში ზრდა, შარშანდელთან შედარებით როდესაც დაბალი იყო მაჩვენებელი, 200%-ს აღემატება, მაგრამ ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ 2019 წლის ნახევარს ანუ 50% მივაღწევთ.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ტურისტებისთვის ინფრასტრუქტურა კომფორტული იყოს, იგივე 72 საათში PCR-ტესტის გაკეთებასთან დაკავშირებით. ეს ისეთი სერვისია, რომელსაც კერძო კომპანიები და ლაბორატორიები ეწევიან. ჩვენ თუ დავინახეთ, რომ რომელიმე რეგიონში, თუნდაც აჭარაში ამ მხრივ შეფერხებაა, მოვუწოდებთ კომპანიებს უფრო აქტიურად იმუშაონ და დავეხმარებით ამაში.
ამასთან ჩვენ ტესტირების საფასურს საქართველოს მოქალაქეებს ვუფინანსებთ, რაც შეეხება ჩამოსულ ტურისტებს, მერწმუნეთ, ეს მათთვის მნიშვნელოვანი ხარჯი არ არის, ეს არის მათი და ჩვენი უსაფრთხოებისთვის გაღებული ხარჯი. რაც შეეხება ტესტირების დამატებით პუნქტებს, ამ საკითხს ჩვენს კოლეგებთან - ჯანდაცვის სამინისტროსთან გავივლით და თუ კი რაიმე დამატებით გაკეთება შეგვიძლია გავაკეთებთ“, - განაცხადა მინისტრმა.




























