მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად სტეიბლკოინის, USDT-ის ემიტენტმა კომპანია Tether-მა გასულ თვეს 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა.
როგორც ბლოკჩეინზე წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, კომპანიამ 8,900-მდე ბიტკოინი Bitfinex-ის საბირჟო საფულიდან საკუთარ რეზერვში გადაიტანა, სადაც ის გრძელვადიან აქტივებს ინახავს.
Tether-ის მიერ ბიტკოინის შესყიდვა ინვესტორებისათვის მოულოდნელი არ არის, რადგან კომპანიამ ჯერ კიდევ 2023 წელს განაცხადა, რომ ყოველი კვარტლის მოგების 15% ბიტკოინში იქნებოდა ინვესტირებული, მიუხედავად მიმდინარე ფასების და საბაზრო დინამიკისა.
ამჟამინდელი მონაცემებით, Tether-ის მფლობელობაში დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის ბიტკოინია, რაც კომპანიას ბიტკოინის ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაციულ ინვესტორად აქცევს.
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ Tether-ის შეფასება 500 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მას პლანეტის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად აქცევს, რომელიც თავისი ზომით კონკურენციას OpenAI-ს უწევს.
უშუალოდ Tether-ის ბიზნესს რაც შეეხება, ის სტეიბლკოინ USDT-ის გამოშვებას და ტრანზაქციების გატარებას უკავშირდება. ამჟამად ცირკულაციაში $178 მილიარდის ღირებულების USDT-ია ჩაშვებული და რაც უფრო მეტად იზრდება კრიპტოინდუსტრიის ზომა, მით უფრო მეტი ხდება Tether-ის შემოსავალი, რომელიც ამ ინდუსტრიაში ცენტრალური ბანკის და ძირითადი ვალუტის გამომშვების როლს ასრულებს.



























