გლობალური მუსიკალური და კინემატოგრაფიული ინდუსტრია, უდიდესი სიახლის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ბიოგრაფიული ფილმების კასკადში, რომელმაც, ბოლო წლებია, ჰოლივუდს თავზე გადაუარა, არც მეტი, არც ნაკლები, ლეგენდარული ბრიტანული როკჯგუფი - The Beatles-ი ჩაერთო.
თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის შესახებ გადაიღებენ არა მხოლოდ ერთ ფილმს, როგორც ეს ფრედი მერკურის Queen-ის შემთხვევაში მოხდა, არამედ ოთხს - ჯონ ლენონზე, პოლ მაკარტნიზე, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარზე. თან, თითოეული ეს ფილმი ერთმანეთთან კავშირში იქნება და კინოეკრანებზეც, სავარაუდოდ, ერთ დროს გამოვა - 2027 წელს. აი, ასე გადაწყვიტა Sony Music Publishing-მა, რომელიც The Beatles-ის მუსიკალური კატალოგის უდიდესი ნაწილის ინტელექტუალურ საკუთრებას ფლობს.
ისტორიულად The Beatles-ი ერთ-ერთია იმ რამდენიმე დიდ მუსიკალურ ჯგუფს შორის, რომელიც საავტორო უფლებებს ფილმებისთვის თითქმის არასდროს გასცემს. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა, ხოლო Sony Music Publishing-ს დიდი გეგმები აქვს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ფილმები, რომლებიც ამ გარიგების შედეგად შეიქმნება, აბსოლუტურად ყველა ბიოგრაფიულ ფილმს დაჩრდილავს, რომელიც ამ დრომდე გამოსულა.
Sony-ის წარმომადგენლებს კონკრეტული ფილმები არ უხსენებიათ, მაგრამ ამ სიაში პირველ ადგილს რომ ბრაიან სინგერის “ბოჰემიური რაფსოდია” იკავებს, ალბათ არავინ დავობს. ამ ფილმმა, ბოლოს და ბოლოს, $910 მილიონის შემოსავალი მიიღო გლობალურად, ხოლო ფრედი მერკურის როლის შემსრულებელ რამი მალეკს ოსკარი და საქვეყნო აღიარება მოუტანა.
მაშ, ისმის კითხვა, თუ ვინ გადაიღებს ლეგენდარული "ბიტლების" შესახებ ფილმების კვარტეტს. ეს რთული და საპასუხისმგებლო საქმე Sony Music Publishing-მა ცნობილ ბრიტანელ რეჟისორს დაავალა. ბრიტანელებს ბევრი თვალსაჩინო რეჟისორი ჰყოლიათ და ახლაც ჰყავთ, მაგრამ The Beatles-ის წევრების ბიოგრაფიულ ფილმებს სემ მენდესი გადაიღებს, რომლის ფილმოგრაფიაში ისეთ ფილმებს ვხვდებით, როგორიცაა “1917”, “ამერიკული სილამაზე” და ”Skyfall”-ი, რომელიც ჯეიმს ბონდის ფრენჩაიზის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება და ლეგენდარულ ადელს სახელი გაუთქვა იმ კომპოზიციისთვის, რომელიც მან ამ ფილმისთვის შექმნა.
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის შესახებ ფილმები ამ დრომდეც გამოსულა. 1979 წელს, კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი, რომელშიც ჯგუფის პირველი დღეები იყო აღწერილი. ამ ფილმში, მრჩევლის როლს პიტ ბესტი ასრულებდა - ადამიანი, რომლის სახელი დღეს დიდად არაფერს ამბობს, რადგან მისი როლი The Beatles-ში რინგო სტარმა შეავსო, თანაც ისე, რომ დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო დრამერად ითვლება. მოგვიანებით, კერძოდ 1994-ში და 2009-ში კინოეკრანებზე კიდევ ორი ფილმი გამოვიდა, რომელთა მთავარ ფოკუსში ბრიტანული ჯგუფის ვარსკვლავი, ჯონ ლენონი აღმოჩნდა.
მაშ, რატომ გადაწყვიტეს პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა დიდ ეკრანებზე დაბრუნება? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია და ის იმ ბუმს უკავშირდება, რომელიც ჰოლივუდში მხატვრულ-ბიოგრაფიული ფილმების მიმართულებით შეიქმნა. “ბოჰემიურმა რაფსოდიამ”, ისევე, როგორც ელტონ ჯონისა და ელვის პრესლის შესახებ გადაღებულმა ფილმებმა კოლოსალური შემოსავალი მიიღეს, თანაც მაყურებლებს ისინი ძალიან მოსწონთ. არც უიტნი ჰიუსტონის შესახებ გადაღებული ფილმი არ უნდა დაგვავიწყდეს და არც ბობ მარლის ცხოვრების ამსახველი ფილმი, რომელიც ეს-ესაა კინოში გამოჩნდა. პარალელურად ამისა, ჰოლივუდში მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიულ ფილმზეც მუშაობენ.
თუმცა ვერცერთი ზემოჩამოთვლილი ფილმი ვერ მივა იმ დიდებამდე, რომელსაც, სავარაუდოდ, The Beatles-ის წევრების შესახებ გადაღებული ფილმები შექმნიან. ერთი ფაქტორი ისაა, რომ ფილმი ოთხი იქნება და არა - ერთი, ანუ პროდიუსერებს შემოსავლის გენერირების უფრო დიდი შესაძლებლობა ექნებათ. თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა კულტურული გავლენა აქვს ამ ბრიტანულ ჯგუფს კაცობრიობის ბედზე. The Beatles-ს, როგორც იცით, არაერთი რეკორდი ეკუთვნის - ბრიტანულ ჯგუფის ოცი ისეთი სინგლი აქვს გამოშვებული, რომელთაც Billboard Hot 100-ის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიოში The Beatles-ის 600 მილიონზე მეტი ალბომი არის გაყიდული, რაც ასევე რეკორდია. The Beatles-მა 10 გრემი მოიგო, რომელთაგან შვიდი, ჯგუფმა - საუკეთესო ალბომის კატეგორიაში მიიღო.
თან, The Beatles-ის ოთხივე წევრი ბრიტანეთის იმპერიის რაინდის წოდებას ატარებს, რაც, სულ მცირე, დამაფიქრებელია.