მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალი წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

ვალუტის კურსი

„თიბისი კაპიტალმა“ რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი განაახლა და მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შერბილებას ელის.

კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებაში აღნიშნულია, რომ საბაზო სცენარით, 2024 წლის ბოლოსათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის დაახლოებით 8%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი.

აღსანიშნავია, რომ „თიბისი კაპიტალის” ბოლოდროინდელი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსათვის რეფინანსირების განაკვეთის არსებული 9%-დან 8.25%-მდე შემცირება იყო მოსალოდნელი.

რაც შეეხება განახლებულ პროგნოზთან დაკავშირებულ წინაპირობებს, „თიბისი კაპიტალში“ მიუთითებენ, რომ თებერვლის ინფლაცია მოსალოდნელზე დაბალია, ისევე როგორც, შესაძლოა ერთჯერადად, თუმცა იანვარში, გასულ პერიოდთან შედარებით, ზომიერი საკრედიტო აქტივობა იყო. სხვა მხრივ, სავალუტო შემოდინებები და ეკონომიკის ზრდის ნორმალიზება კვლავ განაკვეთის შემცირების არგუმენტებია.

მიმოხილვის მიხედვით, მაღალი გეოპოლიტიკური რისკების გარდა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო და მსგავსი ქვეყნები ძირითადად აშშ-სა და გარკვეულწილად ევროზონაში არსებულ განაკვეთებზე არიან დამოკიდებული.

„ლარსა და დოლარს შორის საპროცენტო განაკვეთების დიფერენციალი გარკვეული ლიმიტით არის შეზღუდული. ამდენად, ამერიკასა და ევროზონაში სადღეისოდ არსებული მაღალი განაკვეთები, ზოგადად განვითარებად ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების საწინააღმდეგო, მართალია ერთ-ერთი, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევი გარემოებაა.

თუმცა, ასევე საყურადღებოა დოლარში დენომინირებული საქართველოსა და აშშ-ს სამთავრობო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება, რაც ქვეყნის რისკ პრემიუმად მოიაზრება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს მაჩვენებელი შემცირდა, რაც ცალსახად დადებითი განვითარებაა და ლარში საპროცენტო განაკვეთების შემდგომი დაწევის რაციონალზე მიუთითებს“,- აღნიშნულია ყოველკვირეულ განახლებაში.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი შემცირება გაგრძელდება, თუკი ინფლაციურ მოლოდინებთან დაკავშირებით ვითარება არ შეიცვლება. სებ მოელის, რომ 2024 წელს ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს იქნება. რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები