„საქართველოში ინტერნეტიზაციის პრობლემა ძალიან დიდია“ - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მკვლევარმა თინათინ ახვლედიანმა გადაცემა „ქალების ნარატივში" ისაუბრა.
მისი განმარტებით, საკითხზე წარმოდგენა მხოლოდ დიდი ქალაქების მიხედვით არ უნდა შევიქმნათ, რადგან, მაგალითად სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი მხოლოდ 15%-ია.
„კარგია ის, რომ საქართველოს 2020-2025 წლისთვის აქვს სამოქმედო გეგმა, რომ უზრუნველყოს სახელმწიფოს მეოთხე თაობის ინტერნეტით დაფარვა. ამ ამბიციური გეგმის სრულყოფას კი 600 მილიონი დოლარის მობილიზება სჭირდება, ამიტომ თანხების ოპერატიულად მოძიება აუცილებელია“, - აღნიშნა თინათინ ახვლედიანმა.
მისივე განმარტებით, გარდა ინფრასტრუქტურისა, პრობლემაა ციფრული წიგნიერებაც.
„სამწუხაროდ, საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს. ჩვენ ხშირად ისევ თბილისს და დიდ ქალაქებს ვუყურებთ, მაგრამ სოფლად ეს ისევ პრობლემაა. ამასთან, საქართველოში ოჯახების მესამედს კომპიუტერი არ გააჩნია და კვლევების მიხედვით, ვისაც აქვს, მათი ნახევარი აცხადებს, რომ კომპიუტერის სრულყოფილად გამოყენების საბაზისო უნარები არ აქვთ“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარში მთავრობამ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების ახალი სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მთავრობა დააფინანსებს ინტერნეტ ინფრასტრუქტურის გაყვანას იქ, სადაც კერძო სექტორს ამის ინტერესი ნაკლებად აქვს.