კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურში, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ჯოჭოდან, ქვემო ჯოჭოდან, ზანაქიძეებიდან, ორთაბათუმიდან, მასაურადან, თხილნარიდან და ყოროლისთავიდან დამატებით 150-მდე ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა.
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ინფორმაციის მოძიებას, ელ-ფოსტის გამოყენებას, "გუგლის" რუქითა და თარჯიმნით სარგებლობას, ადგილმდებარეობის გაზიარებასა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სწავლობენ, ხელვაჩაურში 13 თებერვალს დაიწყო და უკვე 450-მდე გადამზადებული ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ცნობისთვის, საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელზეც განცხადება „ქართული ოცნების“ ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად 2014 წელს გააკეთა და ითქვა, რომ პროექტს $100-$150 მლნ დოლარით „ქართუ ფონდი“ დააფინანსებდა, რეალურად, მხოლოდ 2020 წელს დაიწყო, მაგრამ არა - ყოფილი პრემიერის საქველმოქმედო ფონდის ფულით. „ჩვენ დასაწყისში, როდესაც პრობლემა იყო დაფინანსების, გვერდით დავუდექით სახელმწიფოს... შემდგომ გაჩნდა სახსრები და დაფინანსდა აღნიშნული პროექტი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ განზე არ გავწეულვართ, თუ პროექტს გაუჭირდება კვლავაც დავეხმარებით“, - უთხრა BMG-ის ფონდ „ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა 2019 წელს. 2020 წელს საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე რეჟიმში საბიუჯეტო სახსრებით დაიწყო; ამჟამად კი, მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის გრძელვადიანი კრედიტით ხორციელდება. პროექტის ჯამური ღირებულება 68 მლნ ევროა.
აშენებულია 350 კმ სიგრძის კაბელი, სულ ასაშენებელია 5 000 კმ - როგორ მიდის ინტერნეტიზაცია?