მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიზ-ების პრობლემურ საკითხებზე მთავრობასთან პოზიციების შეჯერებას ველით - სოსო ნიბლაძე

სოსო ნიბლაძე

თბილისის თიზ-ის მფლობელი კომპანია „ზოტი ჰოლდინგში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ნაწილში კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებიც თავისუფალ ინდუსტრიული ზონების განვითარებას აფერხებს.

როგორც კომპანიის მმართველი პარტნიორი, სოსო ნიბლაძე BMG-სთან აცხადებს, საგადასახადო კანონმდებლობის ნაწილში მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება, თიზ-ში ქართული სამშენებლო მასალების და სხვა პროდუქტების შეტანის 4%-ით დაბეგვრის საკითხი. მისი თქმით, ეს გარემოება თიზ-ის კომპანიებს სტიმულს უკარგავს, ქართული ნედლეული გამოიყენონ.

მიღმა საგადასახადო კანონმდებლობისა, ნიბლაძის თქმით, აუცილებელია, რომ თიზ-ის კომპანიების საბაჟო პროცედურები უფრო გამარტივდეს და ამ მიმართულებით ბიუროკრატია შემცირდეს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში პრობლემურ საკითხებზე მთავრობასთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და მოლოდინი აქვთ, რომ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები შევა.

„რაც შეეხება ძირითად გამოწვევებს, ისევ რჩება საგადასახადო საკითხები, როგორიცაა სამშენებლო მასალების და ნედლეულის საქართველოდან შეტანის შემთხვევაში 4%-იანი განაკვეთი. ეს ხელს უშლის ქართული სამშენებლო მასალით თიზ-ში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ასევე გამოწვევაა დღგ-ს ჩათვლის საკითხი, როდესაც თიზ-ის კომპანია სერვისს ქართული კომპანიისგან იღებს, დღგ-ის ჩათვლა არ ხდება, რაც ბუნებრივია, ზედმეტი ხარჯია. ეს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში გვაყენებს ქართულ კომპანიებთან მიმართებით. ასევე საბაჟო კუთხითაა ნაბიჯები გადასადგმელი, რომ საბაჟო პროცედურა უფრო ეფექტური გახდეს და შემცირდეს ბიუროკრატია.

კარგი ფაქტი ისაა, რომ უკვე ინტენსიურ კომუნიკაციაში ვართ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან, ცვლილებების პაკეტის ფარგლებში აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლაა და ველით, რომ უახლოეს მომავალში პროცესი წარმატებით დასრულდება და გარკვეულ საკითხებზე პოზიციები შეჯერდება“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები