მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თხილის საექსპორტო ფასი 11.5–12 ევროა" | თხილის სექტორის გამოწვევები და პროგნოზები

მერაბ ჭითანავა

საქართველოს თხილის სექტორისთვის 2024 წელი „ისტორიული ფასით“ და ამავდროულად მნიშვნელოვანი გამოწვევებით ხასიათდება - თხილის დარგში არსებულ მდგომარეობაზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, ამჟამად, თხილის საექსპორტო ფასი 11.5 – 12 ევროა.

ვფიქრობ, ქართულ თხილზე მოთხოვნა მთელი სეზონის განმავლობაში შენარჩუნდება და იანვრიდან გაიზრდება; ახლა უფრო წინასაახალწლო პერიოდია და მოთხოვნა ნაკლებია, დაიკლებს ფასიც, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუმცა იანვრიდან ევროპის ბაზარზე აქტიურობა განახლდება“, - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე თხილის ფასს, ის ხარისხზეა დამოკიდებული და წელს 1 კგ თხილის ფასი 13 ლარიც იყო.

მერაბ ჭითანავას შეფასებით, წელს, ქართული თხილის ფასზე დადებითად იმოქმედა მეზობელ თურქეთში არსებულმა მდგომარეობამ. კერძოდ, თურქეთში - თხილის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში ბაღების ხმობის პრობლემამ მიწოდება შეამცირა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

ალბათ მომავალ წელსაც არ იქნება თხილზე დაბალი ფასი, რადგან თურქეთში თხილის ხმობის ფაქტორი ერთ წელიწადში არ გაქრება. თურქეთის სექტორის პრობლემები ჩვენზე პოზიტიურად აისახება და გარკვეულწილად კონკურენტულ მდგომარეობაში გვაყენებს“, - აღნიშნა მან.

მერაბ ჭითანავა იმედოვნებს, რომ წლევანდელი მაღალი ფასი (13 ლარამდე გაუტეხავ თხილზე) სტიმული იქნება მცირე ფერმერებისთვის, რათა მომავალ წელს ბაღების მოვლაში და შესაბამისად, მეტად ხარისხიანი მოსავლის მიღებაში საჭირო რესურსი ჩადონ.

"ისტორიულად ასეა, როდესაც თხილის ფასი მაღალია, მომდევნო წელს ფერმერები უფრო აქტიურობენ - თუ მეზობელმა 13 ლარში გაყიდა თხილი, თავად 10 ლარი მაინც მიიღონ, ამიტომ პოზიტიური მოლოდინი მაქვს", - აღნიშნა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ სექტორისთვის ყველაზე მწვავე საკითხად ბაქტერია ფსევდომონა“ რჩება, რომელიც ბაღების სწრაფ ხმობას იწვევს. მერაბ ჭითანავას ინფორმაციით, დაავადების კერები უკვე 7-8 ათას ჰექტარზეა გავრცელებული.

ძალიან დიდი გამოწვევა იყო, საერთოდ გაგვერკვია, რა გვჭირდა. ჩემი ბაღის ნახევარიც გახმა... სექტემბერში დავადგინეთ, რომ ეს კონკრეტული ბაქტერიაა. გამოსავალი სპილენძის შემცველი პრეპარატებით წამლობაა. ეს ფინანსურად მძიმე პროცესია, მაგრამ ფერმერმა უკვე იცის, რა უნდა გააკეთოს“, - აცხადებს მერაბ ჭითანავა.

რა არის თხილის სექტორის ყველაზე სუსტი წერტილი? - გადაცემის წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე პასუხად მერაბ ჭითანავამ ბაღების მოვლა-პატრონობაში ფერმერების მოტივაციის არადამაკმაყოფილებელი დონე და ცნობიერების ხარისხი დაასახელა.

მერაბ ჭითანავამ ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ თხილის დარგში 70 000 ოჯახია ჩართული.

თხილის დარგში წარმოებული პროდუქციის 80% გადის ევროკავშირში. თხილი ძალიან მარტივად რეალიზებადი და მოთხოვნადი პროდუქტია და ვფიქრობ, როგორც ფერმერების ჩართულობა, ასევე ამ სექტორში მონაწილე ყველა კომპონენტის უფრო ინტენსიური ჩართულობა ბევრად უკეთეს შედეგს მოგვცემს“, - აცხადებს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოს თხილის ექსპორტი 62%-ით $146 მილიონამდე გაიზარდა - რომელ ქვეყნებში ვყიდით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები