თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მერაბ ჭითანავას შეფასებით, „თხილის სექტორისთვის დიდი კომფორტია ევროპულ ბაზართან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხეებს შეეხებოდა.
„ჩვენი დარგისთვის დიდია [უვიზო რეჟიმის] მნიშვნელობა“ - ამბობს მერაბ ჭითანავა და აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ქართული თხილის ექსპორტის 80% სწორედ ევროპის ბაზარზე ხორციელდება.
„თხილის სექტორში, დაახლოებით, 70 000 ოჯახია გაერთიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დარგის მნიშვნელობა ქვეყნისთვის დიდია. ჩვენი თხილის მოსავლის 80% ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე გადის.
ამ წლების განმავლობაში, როგორც სახელმწიფოს მიერ, ისე დონორების მხრიდან დიდი ძალისხმევა მოხმარდა დარგის განვითარებას, ხარისხიანი მოსავლის მიღებას, რათა ევროპის ბაზრის პირდაპირი მიმწოდებელი გავმხდარიყავით. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია „ფერეროს“ შესყიდვები საქართველოში, რაც დამაიმედებელია, რადგან ჩვენი პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს“, - თქვა მან.
რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში? – გადაცემის წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე პასუხად მერაბ ჭითანავამ მეთხილე ფერმერებში მოტივაციის გაზრდა ისურვა.
ცნობისთვის: 6 თვეში თხილის ექსპორტი თითქმის 54%-ით 53 მლნ დოლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 53 მლნ დოლარის ღირებულების თხილი, მაშინ როცა გასულ წელს ექსპორტირებული თხილის ღირებულება 34 მლნ დოლარი იყო.
ქართული თხილისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც წელს თხილის ექსპორტი 30.1 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება ფასს, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში, ჯამში 7.1 მლნ ტონა თხილია ექსპორტირებული. საშუალო ფასი 1 კგ თხილზე დაახლოებით 7 დოლარი იყო, რაც შარშანდელ საშუალო მაჩვენებელს - 6.6 დოლარს აღემატება.




























