მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 უნივერსიტეტი საქართველოში - კერძო უნივერსიტეტების მიმოხილვა

ტოპ-10-უნივერსიტეტი-საქართველოში

საქართველოს კერძო უნივერსიტეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მიიჩნევა, რომ ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებები განათლების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს და კარიერული ზრდის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ამ სტატიაში სწორედ იმ კერძო უნივერსიტეტებზე ვისაუბრებთ, რომლებიც სტუდენტების მაღალი მიმართვიანობით და შემოსავლებით ხასიათდება.

საქართველოს უნივერსიტეტი

განათლების სამინისტროს 2023 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტი იგივე UG, პირველია იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალში, რომელთაც, ერთი მხრივ, ყველაზე მეტი სტუდენტი, მეორე მხრივ კი მაღალი შემოსავალი აქვთ. 2022/23 წლებში უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებამ 7 791 ახალი სტუდენტი მიიღო. ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტის შემოსავალი 36, 938 000 ლარია. ამ მონაცემების საფუძველზე კი სასწავლო დაწესებულების წილი კერძო უნივერსიტეტებში 14% შეადგენს.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი აბიტურიენტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო სასწავლო დაწესებულებაა. განათლების სამინისტროს უნივერსიტეტების რეიტინგი აჩვენებს, რომ ის მეორე ადგილს იკავებს. ამავე პერიოდში სეუ-ში 7,498 სტუდენტი ჩაირიცხა. წლიური შემოსავალი კი 21,096 000 ლარს, ხოლო ბაზრის წილი კერძო უმაღლეს სასწავლებლებში 13%-ს შეადგენს.

კავკასიის უნივერსიტეტი

2022/23 წლებში კავკასიის უნივერსიტეტში 6,249 სტუდენტი ჩაირიცხა. უნივერსიტეტის შემოსავალი 25,332 000 ლარია, რაც საბოლოოდ 11.2%-იან ბაზრის წილს განსაზღვრავს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

რეიტინგში მე-4 ადგილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იკავებს, რასაც 4,636 ახალი სტუდენტი განსაზღვრავს. რაც შეეხება ბაზრის წილს კერძო უნივერსიტეტებში, ეს მაჩვენებელი ამ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისათვის 8.3% შეადგენს და შემოსავლებში 26,000 000 ლარს უტოლდება.

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

ბთუ-ს აქტიურად ირჩევენ ის სტუდენტები, რომელთაც ბიზნესის ან ტექნოლოგიების მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღება სურთ. 2022/23 წელს უნივერსიტეტმა 3,882 სტუდენტი მიიღო და მისმა წლიურმა შემოსავალმა 8,053 000 ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 7%-ია.

ევროპის უნივერსიტეტი

მიუხედავად იმისა, 2012 წელს დაარსდა და შედარებით ახალი სასწავლო დაწესებულებაა, რეიტინგში მაინც მოხვდა, სადაც მე-6 ადგილს იკავებს. ევროპის უნივერსიტეტმა 3,243 ახალი სტუდენტი მიიღო. სასწავლო დაწესებულების წლიური შემოსავალი კი 17,392 000 ლარს უტოლდება, კერძო უნივერსიტეტებს შორის ბაზრის წილი კი 5.8%.

თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი უნივერსიტეტია, თუმცა თუ ჩამოთვლილ დაწესებულებებს შევადარებთ, ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა მცირეა და 2,886 შეადგენს, რაც მაღალი მოთხოვნის ფონზე უჩვეულოა. რეალურად ამ ტენდენციას უნივერსიტეტის მხრიდან საგამოცდო ქულების მაღალი ზღვარი და, შესაბამისად, კონკურენცია განაპირობებს. უნივერსიტეტის წლიური შემოსავალი 18,165 000 ლარია, რაც ამ სექტორის ბაზრის 5.2%-იან წილს გულისხმობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

2023 წლის უნივერსიტეტების რეიტინგი 10 კერძო სასწავლო დაწესებულებას აერთიანებს, რომელთა შორის მე-7 ადგილს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იკავებს. IBSU გამორჩეულია იმით, რომ სტუდენტებს ინგლისურენოვან სექტორსაც სთავაზობს. 2022/23 წლებში უნივერსიტეტმა 2,605 ახალი სტუდენტი მიიღო. დროის ამ პერიოდში კი შემოსავალი 6,272 000 ლარს გაუტოლდა. საბოლოოდ კი 4.7%-იანი ბაზრის წილი შეადგინა.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი

“ზოგადი და უმაღლესი განათლება საქართველოში” კვლევის ანგარიშის მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 10 საუკეთესოს შორის მოხვდა და მას უნივერსიტეტების რეიტინგში მე-8 ადგილი მიენიჭა. უნივერსიტეტში გასულ წელს 2,461 სტუდენტი ჩაირიცხა, ხოლო შემოსავალმა 11,036 000 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ბაზრის წილს კერძო უნივერსიტეტებს შორის, ეს მაჩვენებელი 4.4%-ია.

ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ)

გაუ კერძო უნივერსიტეტების რეიტინგში ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს. უმაღლესმა სასწავლებელმა 2022/23 წლებში 2,322 ახალი სტუდენტი მიიღო. შემოსავლების თვალსაზრისით კი რეიტინგში რამდენიმე მოწინავე უნივერსიტეტსაც კი აღემატება, რადგან 13,067 000 ლარი მიიღო, რამაც ბაზრის წილის 4.2% შეადგინა.

ჩამოთვლილ კერძო უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების მსურველ აბიტურიენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ეს კი შემოსავლებზეც აისახება, რაც უფრო მრავალფეროვან სტუდენტურ გარემოსა და მეტ ახალ შესაძლებლობას გულისხმობს.

გაიგეთ ახალი ამბები და საინტერესო ინფორმაცია BMG-ის პლატფორმებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები