მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-10 ყველაზე მსხვილი ქონება, რომელიც ქონების სააგენტომ 2020 წლის I კვარტალში გაყიდა

5ebea13652125
თელარა გელანტია
15.05.20 18:07
2174
"სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პრივატიზების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 43, 633, 544 ლარის მობილიზება შეძლო და პირველ კვარტალში პრივატიზების გეგმა 134.25%-ით შეასრულა", - ამის შესახებ სააგენტომ ინფორმაცია facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ არაფინანსური აქტივების პრივატიზების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის გეგმა 32,500,000 ლარს შეადგენდა.

Bm.ge დაინტერესდა, რომელია TOP-10 ყველაზე მსხვილი ქონება/ობიექტი, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წლის პირველ სამ თვეში გაყიდა.

ჩვენ მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ წელს, I კვარტალში პრივატიზებულ 10 ყველაზე მსხვილ ობიექტს შორისა დედოფლისწყაროს, ჩოხატაურის, ხაშურის, ზუგდიდის და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მდებარე 34 ერთეული ხაზოვანი ნაგებობა, რომელიც "სოკარ ჯორჯია გაზმა" 6.1 მლნ ლარად იყიდა;

1.5 მილიონი გადაიხადა ელექტრონულ, უპირობო აუქციონზე ფიზიკურმა პირმა, ყოფილმა ბანკირმა გიორგი არველაძემ თბილისში, სოფელ დიღომში, 2,200 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში. როგორც bm.ge-ის არველაძემ გვითხრა, ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს სახელმწიფოსგან ნაყიდ მიწაზე.

წლის პირველ სამ თვეში ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების TOP-სამეულში მოხვდა ე.წ ანანოვების სასახლე ვარციხეში, რაშიც კომპანია "ინვესტ ჯგუფმა" ელექტრონულ აუქციონზე 1.3 მლნ ლარი გადაიხადა. აღსანიშნავია, რომ აუქციონში მხოლოდ ერთმა პირმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქონების სააგენტოს მიერ აუქციონის გამოცხადების დღეს (2019 წლის 31 დეკემბერს) დარეგისტრირდა.

აღნიშნულმა აუქციონმა bm.ge-ის ყურადღება არაერთი საეჭვო გარემოების გამო მიიქცია, რამაც კითხვები გაგვიჩინა იმის თაობაზე, რომ აუქციონი კონკრეტულ პირს მოარგეს. კერძოდ, სხვა აუქციონებისგან განსხვავებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პრივატიზების დეპარტამენტმა/გაყიდვების სამსახურმა პოტენციურ მყიდველებს არ დაურეკა აუქციონის შესახებ, არც ელექტრონულ ფოსტაზე მისწერეს წერილი და არც სააგენტოს facebook-გვერდზე იძებნება შესაბამისი განცხადება, თუმცა bm.ge-ის ერთ-ერთმა ყოფილმა დაინტერესებულმა პირმა უთხრა, რომ სააგენტოზე "ანანოვების სასახლის" აუქციონის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო და შემდეგ "გაქრა".

ცნობისთვის: 2020 წელს საქართველოს მთავრობა პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 130 მლნ ლარის მობილიზებას ელოდება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები