მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტოქსიკური დამოკიდებულება - ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი რუსეთში $170 მლნ-ზე მეტია

623354d5c1e1f
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.22 00:00
1614
რუსული ბაზარი ქართული ალკოჰოლური სასმელებისთვის 2013 წლიდან გაიხსნა, რასაც საქართველოში ღვინის და ბრენდის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა მოჰყვა. სექტორი რეკორდულ შემოსავალზე 2021 წელს გავიდა, როდესაც ღვინის და ბრენდის ექსპორტმა $395 მილიონი შეადგინა, აქედან მიღებული თანხა ათასობით მევენახესა და ასობით კომპანიაზე გადანაწილდა.

თუმცა ამ ექსპორტის ნახევარი მოდის ქვეყანაზე, რომელიც დღეს ჩრდილოეთ კორეის და ირანის მსგავსად ათობით განსხვავებული სანქციის ქვეშაა და რომელიც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას განაგრძობს.

2021 წელს რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, სადაც ექსპორტმა $615 მილიონი შეადგინა. აქედან $172 მილიონი ალკოჰოლურ სასმელებზე მოდიოდა.

ღვინის ექსპორტში რუსეთი პირველ ადგილზეა, გასულ წელს რუსეთის მიმართულებით 80,500 ტონა ღვინო გადაიზიდა, რომლის ღირებულებაც $130.7 მილიონი იყო. ეს ღვინის ექსპორტის 55%-ია.

ბრენდის ექსპორტმა რუსეთში 9.9 ათასი ტონა და $41 მილიონი შეადგინა, ეს ამ საქონლის ექსპორტის 26%-ია.

წელს რუსეთში ეკონომიკის რეკორდული ვარდნაა მოსალოდნელი, რის გამოც სამომხმარებლო საქონლის ბაზარიც მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის, შესაბამისად იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარზე დარჩენას გადაწყვეტენ გაყიდვები მაინც მკვეთრად შეუმცირდებათ.

რაც შეეხება რუსეთის გარდა სხვა ბაზრებს, ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი $28.7 მილიონი იყო, ჩინეთში ექსპორტმა $16 მილიონი შეადგინა, აშშ-ში კი $4.9 მილიონი. შედარებისთვის, აშშ-სთან მიმართებით ორჯერ დიდი იყო ღვინის ექსპორტი სანქცირებულ ბელარუსში და $11 მილიონს შეადგენდა.

ჯერჯერობით ალკოჰოლური სასმელების მსხვილ კომპანიებს არ გაუკეთებიათ განცხადებები, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ წელს რუსული ბაზრის ჩანაცვლებისთვის, თუმცა სავარაუდოდ, გლობალური კრიზისიდან გამომდინარე მათთვის ახალ ბაზრებზე თავის დამკვიდრება და მარკეტინგის წარმოება ასევე საკმაოდ რთული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები