"თორნიკე [რიჟვაძე] არის კარგად… მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა და არის ჯანმრთელად" - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ირაკლი კობახიძეს “TV პირველის” ჟურნალისტმა ჰკითხა. პრემიერმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ სცადა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა.
"მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს ყველას გვაინტერესებს. ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო, მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა და არის ჯანმრთელად და კარგად",- ამბობს კობახიძე.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, შემდეგ კი 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე უფლებამოსილება 9 ივლისს შეუწყდა.




























