„გუდაურის ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლები სოციალურ ქსელში თოვლიანი გუდაურის ფოტოებს ავრცელებენ და bm.ge-სთან კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ზამთრის სეზონი ნაადრევად დაიხურა.



ფოტოები bm.ge-ის გუდაურის ბიზნესასოციაციის დამფუძნებლებმა მიაწოდეს და ამბობენ, რომ დღესაა გადაღებული.
მთის ბიზნესების წარმომადგენლების პრეტენზიის მთავარი ადრესატი სსიპ მთის ტრასების სააგენტოა. MTA მართავს სამთო-სათხილამურო არეალებს საქართველოს 4 მთის კურორტზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე.
რატომ დაიხურა ზამთრის სეზონი გუდაურში 19 აპრილს, როცა კურორტზე საკმარისი თოვლი იყო? - ამ კითხვებით BMG-მ მთის ტრასების სააგენტოს 23 აპრილს მიმართა, მაგრამ სახელმწიფო კომპანიას კითხვებზე ამ დრომდე პასუხი არ გაუცია.
მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია 2025-2026 წლების ზამთრის სეზონის დახურვას „მმართველობის კრიზისად“ და „ბუნებისგან ნაჩუქარი სიმდიდრის გაფლანგვად“ აფასებს.
„გუდაურის ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია, გასულ კვირას, BMG-სთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ გაუგებარია, მაშინ, როდესაც კურორტზე 3-დან 5 მეტრამდე ნალექი და სრიალისთვის იდეალური პირობები იყო, რატომ დახურა მთის ტრასების სააგენტომ (MTA) სეზონი 19 აპრილს.
„თოვლი გაიფლანგა“, - ამბობდა მირანდა ესაკია.
მთის ბიზნესის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ წელს ბუნებრივი პირობები იძლეოდა სეზონის გახანგრძლივების საშუალებას, რაც ბიზნესს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო, დაკარგული შემოსავლების ნაწილობრივ კომპენსირების საშუალებას მისცემდა.
"მარტში სასტუმროებმა და ბიზნესებმა ჯავშნების 90% დაკარგეს... როცა უყურებ, რომ სახელმწიფო საოცარი ბუნებრივი პირობები გაქვს, 5 მეტრი თოვლია და ხალხი მზად არის წამოსასვლელად, შენ 10 დღით ადრე აანონსებ, რომ ვხურავ კურორტს. ამით უკარგავ ბიზნესს შემოსავალს და ქვეყანას უკარგავ პერსპექტივას,“ - აცხადებს მირანდა ესაკია.
მისივე თქმით, სახელმწიფო უწყებებს შეეძლოთ კრიზისული სიტუაცია შესაძლებლობად ექციათ და ე.წ. „პრომო თვე“ გამოეცხადებინათ, რაც შიდა ტურიზმსაც წაახალისებდა.
„შეეძლოთ გაეკეთებინათ სარეკლამო კამპანია ზუსტად იმ ქვეყნებში, საიდანაც მარტში ველოდებოდით სტუმრებს. თუნდაც ჩვენთან შეთანხმებით, გაგვეკეთებინა „პრომო თვე“ იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა იანვარში გადავსებულ კურორტზე დაისვენოს. ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რამხელა ნალექი გვაქვს მაისშიც კი... ასეთ თოვლზე ევროპაში დიდ კამპანიას ააგებდნენ“, - აცხადებს ის.
მთის ბიზნესის უკმაყოფილებას ისიც ამწვავებს, რომ ზამთრის სეზონის დახურვის და საბაგიროების გაჩერების შესახებ გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციის გარეშე იქნა მიღებული.
მირანდა ესაკიას თქმით, მთის ტრასების სააგენტომ და ტურიზმის ადმინისტრაციამ მხოლოდ სეზონის დახურვის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ მოიკითხა, ჰქონდათ თუ არა სასტუმროებს ჯავშნები, რაც ალოგიკურია. „როდესაც უკვე გამოცხადებული გაქვს დახურვა, ჯავშანი რანაირად იქნება?!“ - კითხვას სვამს მირანდა ესაკია.
გუდაურის ბიზნეს ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ „მთის ტრასების სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან ის მხოლოდ „ჭამს“ სახელმწიფო თანხებს, მაგრამ კურორტს ვერ ავითარებს.
გუდაურის ბიზნეს ასოციაციამ უკვე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მთის ტრასების სააგენტოს საქმიანობის შესასწავლად.




























