მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თოყაევი აცხადებს, რომ კასპიის ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა

კასპიის ზღვა

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ კასპიის ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშეა. ამის შესახებ ქვეყნის ლიდერმა ტიანძინში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის რიგით 25-ე სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

თოყაევის თქმით, კასპიის ზღვა არნახული ტემპით შრება და თუ არსებული ვითარების შესაცვლელად ქვეყნებმა ერთობლივი ნაბიჯი არ გადადგეს, ზღვა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგება.

თოყაევი თვლის, რომ წყლის დონის კლება კლიმატის ცვლილებასთან, ასევე ზღვაში ჩამდინარე მდინარეების დაშრობასთან და რეგიონულ დონეზე წყლის მოხმარების ზრდასთანაა დაკავშირებული. ყაზახეთის პრეზიდენტი თვლის, რომ არსებული ვითარება საფრთხეს არამარტო ბიომრავალფეროვნებას, არამედ ზღვისპირა ეკონომიკებს და, ზოგადად, გარემოს სტაბილურობას უქმნის.

ვითარების გამოსწორების გზად თოყაევს, პირველ ეტაპზე, წყლის კვლევითი ცენტრის შექმნა ესახება. ყაზახეთის პრეზიდენტმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ასტანაში აშენდეს ცენტრი, რომელსაც ზედამხედველობას შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები გაუწევენ. ამ გზით, წყლის დონის კლების მონიტორინგი იქნება შესაძლებელი.

თოყაევმა ასევე აღნიშნა, რომ ვითარებისადმი მსოფლიოს დაინტერესების გასაზრდელად მომავალ წელს ყაზახეთი გარემოს რეგიონულ სამიტს უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება გაეროსთან თანამშრომლობით გაიმართება. მიზანი კი შემდგომი ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები