აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარგის კუნძულზე სამხედრო ობიექტები დაბომბეს. პრეზიდენტის გაფრთხილებით, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას გააგრძელებს, შემდეგი სამიზნე, შესაძლოა, ნავთობის კრიტიკული ინფრასტრუქტურა გახდეს.
თავის მხრივ, შაბათს ირანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან დაკავშირებულ ნავთობის ობიექტებს "ფერფლად აქცევს", თუ კუნძულზე ნავთობის ობიექტები სამიზნე გახდება.
ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ომი უკვე მესამე კვირაა გრძელდება, რამაც ნავთობის ფასების გლობალური კრიზისი გამოიწვია - კონფლიქტის დაწყების შემდეგ ნედლი ნავთობის ფასი 40%-ზე მეტით გაიზარდა.
ხარგის კუნძული ირანის ნავთობის ექსპორტის მთავარი კვანძია - ქვეყნის ნავთობის 90%-ზე მეტი სწორედ აქედან გადის.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ამერიკულმა ძალებმა კუნძულზე ყველა სამხედრო სამიზნე "მთლიანად გაანადგურეს" და მას "ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დაბომბვა" უწოდა.
პრეზიდენტის თქმით, მან ჯერჯერობით გადაწყვიტა, ირანის კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურა არ გაენადგურებინა.
"თუმცა, თუ ირანი ან სხვა ვინმე ჰორმუზის სრუტეში გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ხელს შეუშლის, ამ გადაწყვეტილებას მყისიერად გადავხედავ", - დასძინა ტრამპმა.
ირანული სააგენტო Fars-ის ცნობით, აშშ-ის თავდასხმების დროს ხარგის კუნძულზე 15-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, იერიში მიმართული იყო საჰაერო თავდაცვის, საზღვაო ბაზისა და აეროპორტის ობიექტების წინააღმდეგ, თუმცა ნავთობის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
პარალელურად, სააგენტო AP-სთან საუბარში ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 2 500 საზღვაო ქვეითი და სადესანტო-მოიერიშე ხომალდი იგზავნება. რეგიონში 31-ე საზღვაო საექსპედიციო დანაყოფისა და სადესანტო ხომალდ USS Tripoli-ს ნაწილებს უხმეს. აღსანიშნავია, რომ ძალების გადასროლა აუცილებლად არ ნიშნავს სახმელეთო ოპერაციის გარდაუვალობას ან დაწყებას.
ტრამპი გარიგების პერსპექტივას გამორიცხავს
ხარგის კუნძულზე თავდასხმის შემდეგ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ ირანისთვის "გონივრული იქნება, იარაღი დაყაროს და გადაარჩინოს ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა".
"ყალბ მედიას ეზიზღება იმის გაშუქება, თუ რა კარგად იმოქმედა შეერთებული შტატების არმიამ ირანის წინააღმდეგ, რომელიც სრულიად დამარცხებულია და გარიგება სურს - მაგრამ არა ისეთი გარიგება, რომელსაც მე მივიღებდი," - დაწერა მან ცალკე პოსტში.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 28 თებერვლიდან აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანში სულ მცირე 1 444 ადამიანი დაიღუპა და 18 551 დაშავდა.




























