მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი აშშ-ში სუვერენულ სიმდიდრის ფონდს ქმნის - რას ნიშნავს ეს?

სუვერენული ფონდი

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც აშშ-ის ხაზინისა და ვაჭრობის დეპარტამენტებს სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნას ავალებს. როგორც ცნობილია, ამ პროექტს ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და ვაჭრობის მდივანი, ჰოვარდ ლუტნიკი უხელმძღვანელებენ.

ტრამპის თქმით, ამერიკას უდიდესი პოტენციალი აქვს, ამიტომ სუვერენული ფონდი უმოკლეს ვადებში უნდა შეიქმნას და მისი მოცულობა სწრაფადაც უნდა გაიზარდოს.

ზოგადად, სუვერენული სიმდიდრის ფონდი საინვესტიციო ინსტრუმენტია, რომელიც არა კერძო ინვესტორებს, არამედ სახელმწიფოს ეკუთვნის. სუვერენული ფონდის მიზანი გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება, მასშტაბური პროექტების დაფინანსება და მომავალი თაობებისთვის მეტი სარგებლის გენერირებაა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფონდის მთავარი დანიშნულება არა კონკრეტული ინდივიდების, არამედ მთელი ერის გამდიდრებაა. საპენსიო ფონდისგან განსხვავებით, სადაც ადამიანები ფულს საკუთარი საჭიროებებისთვის იღებენ, სუვერენული სიმდიდრის ფონდი ერის კოლექტიური კეთილდღეობისთვის ინვესტირებს.

მსოფლიოში 90-ზე მეტი ასეთი ფონდია რეგისტრირებული, რომლებიც 8 ტრილიონ დოლარზე მეტის აქტივებს მართავენ. ასეთი ფონდების ცნობილი მაგალითებია: საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი, ჩინეთის საინვესტიციო კორპორაცია და ნორვეგიის სახელმწიფო ფონდი.

სუვერენული ფონდის დაფინანსებაც საინტერესო სქემით ხორციელდება. როგორ წესი, ქვეყნის ბიუჯეტში შესული ჭარბი შემოსავალი სუვერენულ ფონდში ირიცხება, რომელიც, თავის მხრივ, თანხას სხვადასხვა აქტივებში აბანდებს. ზემოხსენებული სახელმწიფოები, თავიანთ ფონდებს, უმეტესწილად, ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით აფინანსებენ, რაც გონივრულია, რადგან, მაგალითად, ნავთობის გაყიდვით მიღებული თანხით საუდის არაბეთის მთავრობა პლანეტის საუკეთესო კომპანიების აქციებს ყიდულობს, რაც ქვეყანას მდგრადად განვითარების საშუალებას აძლევს. მსოფლიოში წარმოდგენილი სუვერენული ფონდების 60% სწორედ ენერგორესურსებით ფინანსდება.

ზუსტად როგორ დაფინანსდება ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული ფონდი, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან კანონპროექტი ჯერ მომზადებული არ არის. ტრამპის განცხადებით, ფონდის შესავსებად, არ არის გამორიცხული, გამოყენებული იქნეს ის თანხა, რომელსაც სახელმწიფო ტარიფების ამოქმედებით მიიღებს.

აქვე, ჩნდება შეკითხვა, თუ რატომ არ ჰქონდა ამერიკას სიმდიდრის ფონდი აქამდე? - პასუხი შემდეგია: ამერიკის სამთავრობო ბიუჯეტი მუდმივად დეფიციტშია, შესაბამისად, ქვეყნის მთავრობას ინვესტიციების ჩასადებად საჭირო თავისუფალი რესურსი ფიზიკურად არ აქვს. ამ მოცემულობის გამოსწორებას ტრამპი ფედერალური ბიუჯეტის შემცირებით, პროგრამების გაუქმებით და დეფიციტის აღმოფხვრით გეგმავს, რაც საკმაოდ ამბიციური გეგმაა.

მეორე მიზეზი იმ ფაქტს უკავშირდება, რომ ზოგიერთ შტატს ისედაც აქვს სუვერენული ფონდი და თან ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ჩართულია როგორც საპენსიო სისტემაში, ასევე სხვა ტიპის საინვესტიციო სქემებში, მათ შორის, კერძო საინვესტიციო ფონდებში, შესაბამისად, ამერიკელებს სუვერენული ფონდის ქონის საჭიროება უბრალოდ არ აქვთ, რადგან მთელი ქვეყანა ისედაც მუდმივად ინვესტირებს.

როგორც ბესენტმა განაცხადა, სუვერენული სიმდიდრის ფონდი მომდევნო 12 თვის განმავლობაში შეიქმნება და ის ქვეყანაში მასშტაბურ პროექტებს დააფინანსებს, მათ შორის: გზებს, მაგისტრალებს, ხიდებს, აეროპორტებს და საწარმოებს.

ამერიკის სუვერენული ფონდის ზომაც წინასწარ უცნობია, თუმცა როგორც ტრამპი აცხადებს, მისი პორტფელის მოცულობა საკმაოდ მალე მიაღწევს 2 ტრილიონ დოლარს, ანუ ის პლანეტის უმსხვილესი სუვერენული ფონდი იქნება. შედარებისთვის, ნორვეგიული ფონდის მოცულობა 1 ტრილიონ 740 მილიარდი დოლარია, ხოლო ჩინური სუვერენული ფონდის შეფასება 1 ტრილიონ 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები