მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპის თხოვნის მიუხედავად ევროკავშირი ჩინეთსა და ინდოეთს ტარიფებს არ დაუწესებს - ფონ დერ ლაიენი

უკრაინა

ევროკავშირმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწოდება უგულებელყო და ჩინეთისა და ინდოეთისთვის 50%-დან 100%-მდე ტარიფების დაწესებაზე უარი განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გაერთიანებას უფრო მეტ ზიანს მოუტანდა, ვიდრე სიკეთეს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ტარიფების დაწესება სავაჭრო ურთიერთობებს საფრთხის წინაშე დააყენებდა. ამასთან, გააჩენდა მკაცრი საპასუხო ნაბიჯების გადადგმის რისკს და, მთლიანობაში, დააზიანებდა ევროპის სტრატეგიულ ინტერესებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ ნაბიჯის სანაცვლოდ, ევროკავშირი სანქციების მე-19 პაკეტს მიიღებს, რომელიც რამდენიმე მიმართულებით შეცვლის ვითარებას. უპირველესად, გადაიდგმება ნაბიჯები, რათა რუსულ ენერგოსექტორზე დამოკიდებულება სრულად შეწყდეს. ამასთან, საბოლოოდ გაჩერდება რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის შესყიდვა და შეზღუდვები დაუწესდება იმ კრიპტო თუ საბანკო ფირმებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ევროკომისიის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გაცილებით ეფექტური არსებული პოლიტიკის გამკაცრება იქნება. ამ კუთხით, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის კიდევ უფრო ჩამოწევა და ნავთობ-გადამზიდების მეტად გაკონტროლება. ამასთან, ფონ დერ ლაიენი გამოდის ინიციატივით, რომ ვიდრე საქმე ინდოეთისა და ჩინეთისთვის მეორადი სანქციების დაწესებამდე მივა, ოფიციალური გაფრთხილება გაეგზავნოს ორივე ქვეყანას და მიეცეთ დრო, რათა მათ რუსეთთან ვაჭრობა შეამცირონ.

ევროკომისიის პრეზიდენტი კიდევ ერთ ქმედით ნაბიჯად უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებასაც განიხილავს, თუმცა აღნიშნავს, რომ თანხის პირდაპირი გადაცემა ვერ მოხდება. ამის მიზეზად კი ის ინიციატივისადმი წევრი ქვეყნების სკეპტიციზმს ასახელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები