აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში გამოსვლის დროს ვოლოდიმირ ზელენსკის წერილი წაიკითხა. ტრამპმა, რომელსაც ბოლო პერიოდში ზელენსკისთან დაძაბული ურთიერთობა აქვს განსაკუთრებით თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ თქვა, რომ აფასებს უკრაინის პრეზიდენტის ამ ნაბიჯს.
წერილში უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ მშვიდობა უკრაინელებზე მეტად არავის სურს და ის მზად არის ტრამპის ლიდერობით იმუშაოს სამშვიდობო გეგმაზე.
აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზადაა მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად, თანაც რაც შეიძლება მალე. კონგრესში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ზელენსკი მზად არის აშშ-თან მინერალებზე შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ხელმოწერა გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის დროს უნდა მომხდარიყო, თუმცა ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების გამო ჩაიშალა.
მიმდინარე კვირაში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა უკრაინისთვის გაწეული ყველა სამხედრო დახმარება შეაჩერა. ამას გარდა, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ასევე განიხილავს რუსეთისთვის, უკრაინის გამო, დაწესებული სანქციების შემსუბუქებასაც.




























