პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საავიაციო კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნება მოსთხოვა. მისი განცხადებით, ყველა დასაქმებული პოზიციებს საჩქაროდ უნდა დაუბრუნდეს, რადგან მთავრობის “შათდაუნი” დასასრულს უახლოვდება, მათი არყოფნა კი შიდა მიმოსვლებს სერიოზულად აფერხებს.
პრეზიდენტმა უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებულების წინააღმდეგ მუქარაც გააჟღერა და აეროპორტებში არდაბრუნების შემთხვევაში ხელფასის დაქვითვა დაუანონსა. პარალელურად, ტრამპმა შეაქო საავიაციო დეპარტამენტის ის თანამშრომლები, რომლებმაც ანაზღაურების არქონის მიუხედავად, პოსტები არ მიატოვეს. პრეზიდენტმა გააჟღერა ინიციატივა, რომ ყველა იმ პირს, ვინც გასული 41 დღის განმავლობაში სამსახურში დარჩა, ბონუსის სახით 10,000 დოლარი ჩაერიცხოს.
ცნობისთვის, მთავრობის დაფინანსების დროებითი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის გამო, გასული კვირის ბოლოს ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ქვეყნის 40 უმსხვილეს აეროპორტში ფრენების 10%-ით შემცირებას გულისხმობდა. მათი განმარტებით, მიზეზი საავიაციო კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლების 40%-ის უხელფასო შვებულებაში გასვლა იყო. Reuters-ის ინფორმაციით, კრიზისის ფონზე, მხოლოდ კვირას გაუქმდა 2,800 და გადაიდო 10,200 ფრენა.




























