აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მილიარდერი ინვესტორი სტივენ ფაინბერგი თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტზე წარადგინა. ფაინბერგი კერძო საინვესტიციო ფონდ Cerberus Capital Management LP-ის დამფუძნებელი და თანადირექტორია. მისი ქონება Forbes-ის მიერ $5 მილიარდად არის შეფასებული.
ამასთან, 2017-2021 წლებში ფაინბერგი ტრამპის ადმინისტრაციაში სადაზვერვო საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო.
თავად Cerberus Capital Management LP-ის აქტივები 60 მილიარდ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოს გარშემო დივერსიფიცირებული პორტფელისგან შედგება.
2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ფონდი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში მონაწილეობას განიხილავდა, თუმცა იქამდე სანამ კონსორციუმსა და Cerberus-ს შორის პროექტში ჩართვაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, საქართველოს სახელმწიფომ კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება რამდენიმე წლით შეაჩერა.