ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთ სახელმწიფოსთან, ვიეტნამთან სავაჭრო შეთანხმების დადება გამოაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება შეცვლის ორ ქვეყანას შორის აქამდე არსებულ ეკონომიკური თანამშრომლობის მოდელს და ის ხელს შეუწყობს ვაჭრობის გაძლიერებას.
პრეზიდენტის თქმით, შეერთებული შტატები ვიეტნამური პროდუქტისთვის აქამდე დაწესებულ 46%-იან ტარიფს 20%-მდე შეამცირებს. ხოლო ვიეტნამის გავლით, სხვა ქვეყნების მიერ შეტანილ პროდუქციას 40%-იანი ტარიფი დაედება. რაც შეეხება მეორე მხარის მიერ აღებულ პასუხისმგებლობას, ამიერიდან, ვიეტნამში შესულ ამერიკულ პროდუქციას აღარავითარი ტარიფი აღარ დაუწესდება.
გადაწყვეტილება შეიძლება შეფასდეს ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიულ გამარჯვებად, რადგან 9 ივლისის დადგომამდე პრეზიდენტი ცდილობს, რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან მოახერხოს ეფექტური შეთანხმების დადება. როცა 9 ივლისი დადგება და ამერიკა დამატებით სანქციებს გამოაცხადებს, სავარაუდოდ, ეს უპასუხოდ არ დარჩება და იმის შანსიც, რომ უფრო ხელშესახები შეთანხმება დაიდოს, შემცირდება. ვიეტნამთან ხელშეკრულების დადებამ საკმაოდ დადებითად იმოქმედა ამერიკული ტანსაცმლის ინდუსტრიის ისეთ ცნობილ წარმომადგენლებზე, როგორებიც Nike-ი, Levi Strauss-ი, Under Armour-ი და VF Corp-ი არიან. ბირჟაზე მათი აქციების ფასები გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ზუსტი დეტალები ჯერაც არ არის გასაჯაროებული და უცნობია, კონკრეტულად რომელ პროდუქტებს შეეხება ცვლილება. გავრცელებული ინფორმაციით, არის რამდენიმე მცირე საკითხი, რომელზეც ახლაც მუშაობენ მხარეები. მათ შორის ერთია შტატების მიერ ვიეტნამის აღიარება საბაზრო ეკონომიკად. ხოლო მეორეა ამერიკაში მაღალ-ტექნოლოგიური პროდუქტების შეუზღუდავად ექსპორტირების უფლება.



























